კალათბურთი

15:13 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელთა ახალი, ჩერნოგორიელთა ძველი

ჯერაც გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა სერბი იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნული საკალთბურთო გუნდის გაწვრთნას, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი ნელ-ნელა მესაჭის ვინაობას არკვევენ.

მაგალითად, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს სლოვენიის ნაკრებს. იგი 47 წლის იურე ზდოვცი გახლავთ, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ბოჟიდარ მალკოვიჩი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ზდოვცი სლოვენიელებს უკვე ავარჯიშებდა 4 წლის წინ და მაშინ ნაკრებმა პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ზდოვცთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა, ამდენად, მისი ხელმძღვანელობით, სლოვენიელები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე (ესპანეთი) და 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე (უკრაინა) ითამაშებენ.

სლოვენიელთაგან განსხვავებით, ნაკრების მეთაურობა ისევ ძველ მწვრთნელს ანდეს ჩერნოგორიელებმა. მათ მოქმედ თავკაც ლუკა პავლიჩევიჩთან ხელშეკრულება 2 წლით გააგრძელეს.

ამგვარად, პავლიჩევიჩის ხელმძღვანელობით, ჩერნოგორიელები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან და წარმატების შემთხვევაში, ფინალურ ტურნირზეც ითამაშებენ.

0.128205