კალათბურთი

22:38 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიასთან მაქსიმალური თავდადებით

 

ევროპის ჩემპიონატის მე-3 დღეს C და D ჯგუფებში მოთამაშე ნაკრებებს დასვენების საშუალება მიეცათ. უფრო სწორად გუნდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ, თორემ ოფლი მაინც მრავლად დაღვარეს. ვარჯიში ჰქონდა საქართველოს ნაკრებსაც, რომელმაც ცელიეს “ტრიგლავ არენას” მიაშურა და მომავალი ბატალიებისთვის მზადება განაგრძო.

მოგეხსენებათ, ქართველ კალათბურთელებს მომდევნო შეხვედრა ევრობასკეტის მასპინძელ სლოვენიასთან ელით და აქედანვე ცხადია, რომ ეს თამაში უმძიმესი იქნება. სლოვენიელები ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ ფრთებშესხმულნი არიან და თავს უკვე ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევენ, ქართველებს კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. ხორვატებთან დასანანი წაგების შემდეგ, მიჯრით მე-2 წარუმატებლობა იგორ კოკოშკოვის შეგირდებს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

სასიხარულოა, რომ ხვალინდელი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების წევრები მწყობრში არიან და ტრავმა არავის აწუხებს. ახლა, მთავარია, მომავალ თამაშამდე ბიჭებმა ძალები სრულად აღიდგინონ და ისევე მაღალ დონეზე ითამაშონ, როგორც – გასულ ორ შეხვედრაში. აღნიშნულზე ყურადღება გიორგი ცინცაძემაც გაამახვილა, რომელიც ხორვატიასთან გასულ შეხვედრაში 25 ქულით გამოირჩა.

“პრინციპში, ჩვენთვის არაფერი იცვლება. ევრობასკეტი ნაკრები ყველა შეხვედრას ისე უდგება, თითქოს ეს ფინალი იყოს. ამდენად, კვლავაც მაქსიმალურად დავიხარჯებით და ვეცდებით, წინა მატჩების მსგავსად მობილიზებულად ვითამაშოთ. ისე კი, ძალიან მძიმე მატჩი იქნება. სლოვენია შინ თამაშობს და გულშემატკივართა მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს”.

მომავალ შეხვედრას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს იგორ კოკოშკოვიც, რომელიც სლოვენია-ესპანეთის დრამატულ მატჩს თვალს ცელიეს “ზლატოროგ არენას” ტრიბუნებიდან ადევნებდა და მასპინძელთა ძალას კიდევ ერთხელ იხილავდა.

“სლოვენიასთან გასულ ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშეთ, ამდენად, გარკვეული გამოცდილება გვაქვს, თუმცა, ცხადია, ახლა ბევრი რამ შეცვლილია. ამჯერად, ისინი მშობლიურ კედლებში თამაშობენ და ფანტასტიური მხარდაჭერა აქვთ. წარმატებისთვის მაქსიმალური თავდადებაა საჭირო, ამისთვის ყოველგვარი ფსიქოლიგიური წნეხის გარეშე უნდა ვითამაშოთ”.

სლოვენიასთან მატჩზე საკუთარი აზრი გამოთქვა მანუჩარ მარკოიშვილმაც, რომელიც ხორვატიასთან საკუთარი თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და თანაგუნდელებს ბოდიშიც კი მოუხადა.

“იმ თამაშიდან გამომდინარე, რაც სლოვენიამ ესპანეთთან აჩვენა, მასპინძელთა გუნდი ჩინებულ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, წინ ძალიან რთული მატჩი გველის, თუმცა, წარმატების შანსი მაინც არსებობს და ვეცდებით, ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამისთვის, აუცილებელია, რომ თითოეულმა კალათბურთელმა საუკეთესო მატჩი ჩაატაროს. ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, სლოვენიელები გარკვეულწილად თავისუფლად იქნებიან და ვეცდებით, მათ სიურპრიზი მოვუმზადოთ”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.218066