კალათბურთი

12:44 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ უკრაინას მაკედონია მიაყოლა

ევრობასკეტის მასპინძელი ლიდერების გარეშეც იგებს

 

2013 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ევრობასკეტი სტარტს 4 სექტემბერს აიღებს, ამდენად, მომავალი ტურნირის მონაწილენი მზადების გადამწყვეტ ეტაპზე გადადიან. ამიერიდან, ვეცდებით, ფინალისტთა საკონტროლო მატჩების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მეტ ყურადღებას კი, ცხადია, საქართველოს ეროვნული გუნდის მომავალი მეტოქეების თამაშებს დავუთმობთ. 

როგორც ცნობილია, ქართველი კალათბურთელები, პირველი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს სლოვენიის ქალაქ ცელიეში ჩაატარებენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი ეყოლებათ.

საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეთაგან, საქმეში პირველი სწორედ სლოვენია ჩაება, რომელმაც დომჟალეში უკრაინას უმასპინძლა და 74:46 გაანადგურა, ლიტიაში კი, მაკედონიას დაუპირისპირდა და გაცილებით დაძაბულ შეხვედრაში 63:54 სძლია.

უკრაინელებთან მატჩში, სლოვენიელთა მთავარ მწვრთნელ ბოჟიდარ მალკოვიჩს იაკა ლაკოვიჩი, ბოსტიან ნახბარი და მირზა ბეგიჩი არ დაუსაქმებია, თუმცაღა, იოლ გამარჯვებას მიაღწია. სლოვენიელები ძალიან მოტივირებულნი იყვნენ და ტემპი მხოლოდ ბოლო მეოთხედისთვის დააგდეს, როდესაც უკვე 31 (!) ქულით იგებდნენ.

მასპინძელთაგან 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია, რომელთაგან ყველაზე შედეგიანი ედო მურიჩი იყო 13 ქულით. ზორან დრაგიჩმა 11 ქულა ჩააგდო, ხოლო იაკა ბლაჟიჩი და გორან დრაგიჩი 10-10 ქულას გამორჩნენ.

უფრო საინტერესო იყო ლიტიაში გამართული მატჩი, რომელშიც სლოვენიელებმა მაკედონიას გამარჯვება თამაშის ბოლოსკენ “გამოჰგლიჯეს”. მალკოვიჩს ამ შეხვედრის განაცხადში გორან დრაგიჩი აღარ შეუყვანია, ლუკა ლაპორნიკი კი, სათადარიგოთა სკამიდან არ წამოუყენებია. სამაგიეროდ, მოედანზე გამოჩნდა მირზა ბეგიჩი, რომელმაც 12 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მაკედონია, რომელიც სლოვენიას პერო ანტიჩის და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელ ბო მაკკალების გარეშე ესტუმრა, დასკვნითი მეოთხედის წინ მასპინძლებს 6 ქულის სხვაობით ამარცხებდა, თუმცა, ბოლოსკენ წარმოუდგენელი ამბები შეემთხვა.

საქმე ის გახლავთ, რომ უკანასკნელ ათწუთეულში, მაკედონიელთა ყველა მოთამაშეს მიზანი აერია და გუნდმაც ერთადერთი ქულის (!) ჩაგდება მოახერხა. მოკლედ, სლოვენიელებმა ბოლო ათწუთეულში 16:1 იმარჯვეს და შეხვედრა სათავისოდ დაასრულეს – 63:54.

ამჯერად, სლოვენიელთაგან გასპერ ვიდმარი გამოირჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა და 10 მოხსნა. 11-11 ქულა მოაგროვეს ნებოისა იოკსიმოვიჩმა და ზორან დრაგიჩმა, იაკა ბლაჟიჩი კი 10 ქულას დასჯერდა. და ერთიც: თუ უკრაინასთან ფარზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა (37:34), მაკედონიას სლოვენიამ მოხსნებში აშკარად აჯობა – 35:17.

ბოჟიდარ მალკოვიჩის შეგირდები, მოსამზადებელი ციკლის განმავლობაში კიდევ 11 საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ, რომელთა განრიგი ასე გამოიყურება:

2 აგვისტო: სლოვენიალატვია (ცელიე)

3 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ცელიე)

4 აგვისტო: სლოვენია – სერბეთი (ცელიე)

10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)

16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)

18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)

23 აგვისტო: სლოვენია – ჩერნოგორია (კოპერი)

24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)

31 აგვისტო: სლოვენია – საფრანგეთი (ლიუბლიანა)

 

სლოვენია – უკრაინა 74:46 (19:10, 24:10, 20:12, 11:14)

სლოვენია: ბლაჟიჩი (13 წ. 10 ქ.). გ.დრაგიჩი (17 წ. 10 ქ. 4 პ.), დ.ლორბეკი (20 წ. 2 ქ.), ვიდმარი (21 წ. 9 ქ. 4 მ. 4 ჩ.), ბალაჟიჩი (22 წ. 6 ქ.); სლოკარი (22 წ. 4 ქ. 3 მ. 3 ჩ.), ლაპორნიკი (4 წ. 2 ქ.), იოკსიმოვიჩი (15 წ. 1 ქ. 5 პ.), მურიჩი (14 წ. 13 ქ. 4 მ.), მორინა (18 წ. 4 ქ. 8 მ.), პრეპელიჩი (16 წ. 2 ქ. 3 პ.), ზ.დრაგიჩი (18 წ. 11 ქ. 5 მ.).

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალკოვიჩი.

 

სლოვენია – მაკედონია 63:54 (20:21, 12:17, 15:15, 16:1)

სლოვენია: ბლაჟიჩი (26 წ. 10 ქ. 3 მ.), ვიდმარი (24 წ. 9 ქ. 10 მ.), პრეპელიჩი (20 წ. 3 ქ. 4 პ.), ბალაჟიჩი (25 წ. 1 ქ. 6 მ.), ზ.დრაგიჩი (18 წ. 11 ქ.); სლოკარი (18 წ. 8 ქ. 6 მ.), იოკსიმოვიჩი (27 წ. 11 ქ. 3 პ.), მურიჩი (5 წ.), დ.ლორბეკი (24 წ. 5 ქ.), ბეგიჩი (12 წ. 2 ქ. 3 მ.), მორინა (1 წ. 3 ქ.). 

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალკოვიჩი.

 

ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები:

26 ივლისი

უნგრეთი – ჩერნოგორია 72:76

ბელგია – ჰოლანდია 61:53

 

27 ივლისი

გერმანია – პორტუგალია 72:45

ავსტრია – ჩერნოგორია 73:82

მაკედონია – უკრაინა 60:69

ბელგია – ჰოლანდია 64:55

 

0.554195