საკალათბურთო ევროპირველობაზე ორი მატჩი გაიმართა. სერბეთმა და იტალიამ მე-7 და მე-8 ადგილები გაინაწილეს. ამ დაპირისპირებას ერთადერთი ინტრიგა ჰქონდა - გამარჯვებული შემდეგ წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. სერბეთის ნაკრებმა იტალიელებს შანსი არ დაუტოვა. მასპინძელმა ნაკრებმა კი გულშემატკივრები მხოლოდ მეხუთე ადგილით ანუგეშა. სლოვენიამ მცირე უპირატესობით უკრაინა დაამარცხა.
სერბეთისა და იტალიის შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი მეოთხედი აღმოჩნდა. ბალკანელებმა მეტოქე საწყის ათ წუთში 27:11 გაანადგურეს. ბოლო მეოთხედში იტალიელებმა ანგარიშის სხვაობა მინუს რვა ქულამდე დაიყვანეს (62:54), თუმცა კრსტიჩის, კალინიჩის და მარკოვიჩის ტრიომ პირინელებს სამ წუთში რვა ქულა ჩაუგდო და სერბებმა 16 ქულიანი უპირატესობა კვლავ დაიბრუნეს. საბოლოოდ მატჩი ბალკანელებმა 76:64 დამთავრდა.
სერბეთის ნაკრებმა იტალიელებს მოხსნებშიც საგრძნობლად აჯობა (42-26). მატჩის გმირი კი ნენად კრსტიჩი აღმოჩნდა 17 ქულითა და 4 მოხსნით.
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 4 030 მაყურებელი
სერბეთი _ იტალია 76:64 (27:11, 14:16, 14:17, 21:20)
სერბეთი: კრსტიჩი (17ქ. 4მ. 1პ), ნედოვიჩი (12ქ. 4მ. 4პ), ბიელიცა (12ქ. 10მ. 4პ), მარკოვიჩი (12ქ. 2მ. 2პ).
მწვრთნელი: დუშან ივკოვიჩი
იტალია: დატომე (19ქ. 3მ. 1პ), ჯენტილე (14ქ. 1მ), ჩინჩიარინი (11ქ. 5მ. 6პ).
მწვრთნელი: სიმონე პიანიგიანი
სლოვენიის ნაკრებმა ევროპირველობაზე თავისი სიძლიერე ვერ დაამტკიცა და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ტურნირის ერთ-ერთი "კერკეტი კაკალი" უკრაინის ნაკრები, მალიკოვიჩის შეგირდებისთვის რთული მეტოქე აღმოჩნდა. პირველი მეოთხედი შავიზღვისპირელებმა 23:16 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედებში სლოვენიამ უპირატესობა ხელთ იგდო და ბოლო მეოთხედის სტარტს 10 ქულიანი უპირატესობით შეხვდა (54:44). 36-ე წუთისთვის უკრაინელებმა ანგარიშის სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს (62:58), თუმცა გორან დრაგიჩი შეუდარებელი და შეუჩერებელი იყო. მისი კარგი თამაშის წყალობით სლოვენიელებმა მატჩი 69:63 მოიგეს, თავად კალათბურთელი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ამრიგად, მერვე ადგილზე იტალია გავიდა, მეშვიდეზე _ სერბეთი, მეექვსეზე _ უკრაინა, ხოლო მეხუთეზე _ სლოვენია.
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 10 000 მაყურებელი
სლოვენია _ უკრაინა 69:63 (16:23, 24:13, 14:8, 15:19)
სლოვენია: გორან დრაგიჩი (19ქ. 7მ. 4პ), ნაჩბარი (9ქ. 3მ), ბლაზიჩი (9ქ. 3მ. 1პ), მურიჩი (9ქ. 4მ).
მწვრთნელი: ბოჟიდარ მალიკოვიჩი
უკრაინა: იეტერი (12ქ, 5მ. 4პ), ზაიცევი (12ქ. 4მ. 1პ), ლიპოვი (10ქ. 4მ. 1პ), ნატიაჟკო (9ქ. 7მ. 1პ).
მწვრთნელი: მიკ ფრატელო
გიორგი ბალახაძე