ხორვატიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა, უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა sport.segodnya.ua-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისში საშინლად ჩატარებული მატჩის შემდეგ, სამ ივნისს, ევრო-2012-ის შესარჩევში, სპლიტში, საქართველოს ნაკრებთან რევანშს ელის.
- ევრო-2008-ზე ხორვატიის ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გავრცელდა ჭორები, თითქოს ერთ-ერთ ინგლისურ გუნდს ჩაიბარებდით. ასახელებდნენ “ვესტ ჰემს”, “ბლექბერნს”... ნაკრებში რატომ დარჩით?
- დღესდღეობით მხოლოდ ხორვატიის ნაკრებზე და იმის შესახებ ვფიქრობ, თუ როგორ დავამარცხო ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველო. ქართველებთან სტუმრად საშინლად ვითამაშეთ და 0:1 წავაგეთ. რევანშს ველით. რაც შეეხება ვერო-2008-ის მერე წინადადებებს, მართლაც მიწვევდნენ. არ დავმალავ და გეტყვით, რომ სულით საკლუბო მწვრთნელი ვარ. მინდა გუნდთან ერთად ყოველდღე ვიყო, რაც ნაკრებში შეუძლებელია. ამიტომ, ევრო-2012-ის შემდეგ, ალბათ, სათავეში რომელიმე კლუბს ჩავუდგები.
- პრიორიტეტი ინგლისის პრემიერლიგაა?
- აუცილებელი არაა. ჩემთვის მთავარი კლუბია და არა ქვეყანა. კლუბი დიდი მიზნებით.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- დღესდღეობით “ბარსელონა” ნებისმიერ შეხვედრაში ფავორიტია. ჯერ არავის და არასოდეს უთამაშია ფეხბურთი ისე, როგორც ამას პეპ გვარდიოლას გუნდი აკეთებს. “მანჩესტერ იუნაიტედი” თუ მასზე სუსტად ჩაითვლება, მაშინ ძალიან უმნიშვნელოდ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი “ბარსელონაში” თამაშობს. თუმცა, “მანჩესტერ იუნაიტედს” თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი ავარჯიშებს. მსურს, ჩემს გუნდში ისეთივე ტოტალური ფეხბურთი დავნერგო, როგორსაც მანჩესტერელები აჩვენებენ. არსებობს 5-6 მწვრთნელი, რომელთაც აღტაცებაში მოვყავარ, მაგრამ სამუშაო რომელიც ალექს ფერგიუსონმა გასწია და დღემდე აკეთებს, უბრალოდ დაუჯერებელია.
- ახალგაზრდა ხორვატი ფეხბურთელთაგან ევროპული დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბების შანსი ვის აქვს?
- ისინი ჩემთვის შვილებივით არიან. ჩვენთან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ხორვატიაში წელიწადში ორი-სამი ისეთი მოთამაშე გამოჩნდება ხოლმე, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში იწვევენ. რა თქმა უნდა, ძნელია ყოველ წელს ისეთი ფეხბურთელი გაზარდო, როგორიც მოდრიჩი და სრნა არიან, მაგრამ ახალგაზრდობის პროგრესით კმაყოფილი ვარ. ახლა ჩემს გუნდში 4-5 ფეხბურთელია, ვისი ასაკიც 21 წელს არ აღემატება და რომელთაც ვარსკვლავებად ქცევის შანსი აქვთ.
- დარიო სრნას და ოგნენ ვუკოევიჩს თავთავიანთ პოზიციებზე უკრაინაში საუკეთესობეად თვლიან...
- სრნა და ვუკოევიჩი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. “ოგი” ჩემთან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ევროპული საზომით ძლიერ საყრდენ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. სრნა ჭეშმარიტი კაპიტანი და ხორვატიის ნაკრების ლიდერია. ჩემთვის დარიო თავის პოზიციაზე არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოშია საუკეთესო.
- არსებობს მოსაზრება, რომ სრნა რომელიმე ევროპულ ტოპ-კლუბში გადასვლის შემთხვევაში უფრო მეტს მიაღწევდა...
- ამჟამად, “შახტარი” ის გუნდი არაა, რომელშიც თავის დროზე სრნა გადავიდა. რინატ ახმეტოვმა წარმოუდგენლად დიდი სამუშაო გასწია. მე მთელ მსოფლიოში დავდივარ და შემიძლია გითხრათ, რომ “შახტარი” ძალიან სოლიდური გუნდია. დღეს ამ გუნდში თამაში ბევრ ფეხბურთელს სურს და მისი გაწვრთნა ბევრ სპეციალისტს უნდა. რეალურად, ეს ძალიან დიდი გუნდია, რომელთან შეხვედრა ევროთასებზე პრაქტიკულად არცერთ კლუბს არ სიამოვნებს - “ბარსელონას” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” კი. ამ ვითარებაში დარიოს გუნდის შეცვლა რაში სჭირდება? დამიჯერეთ, არცთუ ბევრი კლუბია “შახტარზე” მაღალი დონის.
- ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან რამდენად ხშირად ურთიერთობთ?
- ყოველ კვირას. მე მუდმივი კონტაქტი მჭირდება, მიუხედავად იმისა, თუ სად თამაშობენ ისინი. თუ ფეხბურთელებთან ჩასვლას და სასაუბროდ პირადად შეხვედრას ვერ ვახერხებ, მაშინ საფეხბურთო მატჩებს ტელევიზორით ვუყურებ, რის შემდეგაც მათ ვურეკავ.
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ფეხბურთელს ჩაუწვეთ ლოგინში და მას რაიმე თემაზე ესაუბროთ...
- არა, არა! ხატოვნად ვთქვი, რომ გუნდის წარმატებისთვის მზად ვარ, ფეხბურთელებს მათსავე ლოგინში ვესაუბრო. ჩემთვის მოთამაშეებთან სრული კონტაქტია აუცილებელი. მსურს ვიცოდე, როგორ გრძნობენ ისინი თავს, რაზე ფიქრობენ, დაიღალნენ თუ არა. მე მათთვის სრულიად გახსნილი ვარ.
- რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ნაკრებს სრნა, ოლიჩი და ბალაბანი ჩამოაშორეთ...
- ეს ინციდენტი ევრო-2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო შეხვედრის წინ მოხდა. მათ შეცდომა დაუშვეს (გუნდი თვითნებურად დატოვეს და ღამის კლუბში წავიდნენ, რედ.). ამიტომ, რუსებთან მატჩში განაცხადში არც ერთი არ შევიყვანე. თუმცა, მოგვიანებით, მათ ბოდიში მოიხადეს, როგორც ჩემს, ასევე, მთელი ხორვატიის წინაშე. ისინი ახალგაზრდები იყვნენ და შეცდომა ყველას მოსდის. ამის შემდეგ, ყოველთვის ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ.
- ძალიან ემოციური ადამიანი ხართ. ეს მუშაობაში ხელს არ გიშლით?
- ალბათ, რომ მოვინდომო, ხასიათს მაინც ვერ შევიცვლი. არცთუ ემოციური ვარ. მიყვარს ჩემი სამუშაო, ჩემი ფეხბურთელები და საქმეში ბოლომდე ვიხარჯები.
- როკ-ჯგუფ Rawbau-ში უკრავთ. ფეხბურთისა და მუსიკი შესათავსებლად დრო გყოფნით?
- ამ ჯგუფში უკვე ხუთი წელია გამოვდივარ. როდესაც არ ვმუშაობდი, Rawbau-ში გიტარაზე ვუკრავდი. დისკის გამოშვებაც მოვასწარით, ხოლო სპლიტსა და ზაგრებში კონცერტები ჩავატარეთ. თუმცა, ახლა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვუკრავ, რადგან ბევრი სამუშაო მაქვს და ჯგუფში გამოსვლა შევწყვიტე.
- ფეხბურთისა და მუსიკის გარდა, კიდევ რით ხართ გატაცებული?
- ძაღლები მიყვარს. იაპონური აკიტა მყავს.
- რამდენიმე ენას ფლობთ...
- დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით უნივერსალური ინგლისური ენაა. მალე დადგება დრო, როდესაც მთელი მსოფლიო ინგლისურად ისაუბრებს. მსოფლიო სულ უფრო გახსნილი ხდება. ენების ცოდნა არა მხოლოდ სამუშაოდაა საჭირო, როდესაც სხვა ქვეყანაში დასასვენებლად მიდიხარ, მაშინაც გამოგადგება.
- თქვენი გარეგნობა კინოსთვის გამოდგება - საყურე, სვირინგები, პირში სიგარეტი...
- საყურე უვე მოვიხსენი. რაც უნდა იყოს, უკვე 42 წლის ვარ. მოდით, ჩემს გარეგნობაზე აქცენტს ნუღარ გავაკეთებთ.
- ორი შვილი გყავთ – ბიჭი და გოგო. ბიჭი ფეხბურთელობას აპირებს?
- ის ძალიან პატარაა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული უკვე ეტყობა. თუ მოინდომებს, პრობლემა არ არის. მსოფლიოში ფეხბურთელობაზე უკეთესი პროფესია არ არსებობს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა