ნიგერიის სამოყვარულო საფეხბურთო ლიგაში 2 მატჩის მონაწილეები სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ერთი მატჩი 79:0 დამთავრდა, მეორე კი - 67:0.…კლუბებს 10-10 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მონაწილეების ფოტოებს კი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში სამარცხვინო დაფაზე გამოაკრავენ.
Uუცნაურ საფეხბურთო სპექტაკლში 4-მა კლუბმა მიიღო მონაწილეობა” “პლატო იუნაიტედ ფიდერსი” “აკურბას” ეთამაშა, “პოლის მაშინი” კი “ბაბაიაროს.” ეს გუნდები ბაუჩის შტატს წარმოადგენენ და ქვეყნის მეექვსე დივიზიონში ასპარეზობ(დნ)ენ. თანაც “პლეი ოფი” იყო და გამარჯვებულები მეხუთე დივიზიონში აღზევდებოდნენ. პირველი მატჩები, შესაბამისად 2:0 და 0:0 დამთავრდა. საპასუხო შეხვედრებში ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბურთების სხვაობას და დაიწყო…საინტერესოა, რომ ორივე თამაში ერთდროულად მიმდინარეობდა. პირველი ტაიმების შემდეგ “ფიდერსი” “აკურბეს” 7:0 უგებდა, “პოლის მაშინი” “ბაბაიაროს” 6:0. მეორე ტაიმებში კი უცნაური ამბები მოხდა: მსაჯები გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ფეხბურთელებს საკუთარ კარში გაჰქონდათ გოლები, სათადარიგოთა სკამზე მსხდომნი კი ბურთის მომწოდებელ ბიჭებად გადაიქცნენ. მატჩების ვიდეო ან ფოტო დოკუმენტები არ არსებობს, თუმცა “პოლის მაშინ” “ბაბაიაროს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBჩ-ის უთხრა, რომ მეორე ტაიმში მინდორზე აღმაშფოთებელი ავტოგოლები და მეკარეების საზიზღარი თამაში იხილა. “პოლის მაშინს” გოლი-გოლზე გაჰქონდა, მოწინააღმდეგის მხრიდან კი არანაირ წინააღმდეგობას არ აწყდებოდა, კლუბის თანამშრომლები მობილური ტელეფონებით იგებდნენ პარალელური მატჩის მიმდინარეობის ამბებს. მეორე ტაიმში “ფიდერსმა” “აკურბეს” 72 გოლი გაუტანა, ანუ, წუთში რამდენჯერმე იტანდნენ. ზოგჯერ ფეხბურთელები გოლის შემდეგ ცენტრიდანაც არ იწყებდნენ თამაშს. საუკეთესო ბომბარდირმა 14 გოლი გაიტანა. გამოირჩა “აკურბას” კაპიტანი ანჯიდე საიდ ტიმოთი, რომელმაც 4 ბურთი შეაგდო საკუთარ კარში. აი, ასე...…