ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელი რიჩარდ სკადამორი მიიჩნევს, რომ, თუ 2022 წლის ზაფხულში, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება შეუძლებელია, მაშინ ვადები კი არა, მასპინძელი ქვეყანა უნდა შეიცვალოს.
მაშ შემდეგ, რაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანად ყატარი დასახელდა, გამუდმებით მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხულში ამ ქვეყანაში თამაში, ფეხბურთელების ჯანმრთელობისათვის საშიში იქნება. აქედან გამომდინარე, ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ვარაუდობს, რომ უპრიანი იქნება, მუნდიალი ზამთარში გაიმართოს.
სკადამორი ჩემპიონატების კალენდრის შეცვლის წინააღმდეგია და Sky Sport News-სთან საუბარში, მასპინძელი ქვეყნის შეცვლის იდეას ემხრობა.
“ფიფამ გადაწყვიტა, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში ჩაეტარებინა და ეს მისი უფლებაა. მაგრამ, თუ მუნდიალის ჩატარება ზაფხულში შეუძლებელია, მაშინ ფიფამ მასპინძელი ქვეყანა უნდა შეცვალოს. მათი ახირების გამო, კალენდარს ვერ შევცვლით, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში გაიმართოს. ჩვენი აზრით, კალენდრის შეცვლა ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელიც”, – ამბობს სკადმორი.