ფეხბურთი

14:30 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სკა-ენერგიას” მოულოდნელი მარცხი

რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის 27-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელიაა, საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ ბელგოროდის “სალიუტთან” მოულოდნელად 0:3 დამარცხდა.

ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი იყო: ლაშა სალუქვაძე, ოთარ მარცვალაძე, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა. ამ უკანასკნელმა 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 64-ე წუთზე შეცვალეს. გრიგალაშვილმა მოედანი 54-ე წუთზე დატოვა.

მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი 4 წუთის დაწყებული იყო, რომ მსაჯმა მასპინძელთა მეკარე ანდრეი სოლოსინი გააძევა და “სკა-ენერგიამ” კარში პენალტი დანიშნა. ვიდრე შოთა გრიგალაშვილის ნაცვლად სათადარიგო მეკარე ალექსანდრ აგაპოვი შემოვიდა, 6 წუთი გავიდა და ევგენი კალეშინმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად 55-ე წუთზე შეასრულა.

დარასელიას შეგირდებმა თამაში ვეღარ “შემოატრიალეს” და ჯერ 61-ე წუთზე მერსუდინ ახმეტოვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ძირითადი დროისთვის დამატებულ პირველ წუთზე, ხაირო მოსკერამ “სალიუტის” უპირატესობა სამამდე გაზარდა.

სეზონის განახლების შემდეგ, “სკა-ენერგიამ” მეორე თამაში წააგო. 24-ე ტურში, ხაბაროვსკელები ნალჩიკის “სპარტაკთან” დამარცხდნენ – 0:1.

 

 

 

0.119275