ალბათ ყველას გვაქვს სახლში ძველი და მეტად უცნაური წიგნი სახელწოდებით: “ეფრემ ვერდი”. ამ წიგნში ხალხური მედიცინიდან და ყვავ-ყორნის ქონით მკურნალობიდან დაწყებული და სიზმრების ახსნით დამთავრებული – რაღას აღარ ნახავს კაცი. ”ეფრემ-ვერდიში” განსაკუთრებულად სიზმრების ახსნის ორიგინალური სტილია გამოსარჩევი. მაგალითად, თურმე თუკი სიზმარში გველს ნახავ, სიბრძნე მოგემატება (ამ ლოგიკით, გველების მომთვინიერებლები ბრძენთა-ბრძენები ყოფილან), ხოლო თუკი კატა გესიზმრება, მტრები მოგიმრავლდება. ძველ დროში ადამიანები სიზმარში, რა თქმა უნდა, იმას ხედავდნენ, რასაც ცხადში ყველაზე ხშირად უყურებდნენ, თორემ ორი საუკუნის წინ აირტონ სენა და იან კოლერი რომ არავის დაესიზმრებოდა, ეს თავისთავად ცხადია.
ახლა გავიხსენოთ თუ, რას ვხედავთ სიზმარში სპორტის მოყვარული ადამიანები... პირადად მე, შემიძლია თამამად გამოგიტყდეთ, რომ ზინედინ ზიდანიდან დაწყებული და მანუელ რუი კოშტათი დამთავრებული, რომელი ფეხბურთელიო გინდათ, დასიზმრებული რომ არ მყავდეს. ერთხელ, სტუდენტობის დროს, მარადონაც კი მესიზმრა, რომელიც თითქოსდა თბილისის ”მერანი-91”-ში აპირებდა თამაშს. მაგრამ ასეთ სიზმრებს ალბათ ვერც ერთი გულთამხილავი ვერ აგვიხსნის, თუკი მისთვის ზინედინ ზიდანი მხოლოდ ფეხბურთელია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ, მოდით, ჩვენ თავად შევქმნათ საფეხბურთო "ეფრემ-ვერდი” და შევეცადოთ იმის გარკვევას, რომელი ფეხბურთელის დასიზმრება თუ რას შეიძლება ნიშნავდეს.
ლეო მესი ნახო, მტერი მოგიმრავლდეს და საქმეები მაინც კარგად წაგივიდეს;
მატერაცი ნახო, შემელოტებულმა კაცმა მკერდი შეგინგრიოს;
მოურინიო ნახო, უჟმური დილა გაგთენებოდეს;
პეპეს ფეხი ნახო, ხელი აგტკივდეს;
ტიერი ანრი ნახო, საყვარელ ოჯახს გაეყარო;
ლარისა რიკელმე ნახო, ზოლებიანი მაისური ჩაგეცვას და ყველა მკერდზე შემოგცქეროდეს;
ადრიან მუტუ ნახო, თრიაქს მიეძალო;
ჯიჯი ბუფონი ნახო, ალიონზე ქალი მოგინდეს;
ალექს ფერგიუსონი ნახო, უკვდავების წყალს იპოვნი;
”კამპ ნოუ” ნახო, ხალხი შენ სახელს ყვიროდეს;
”კამპ ნოუ” თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა ნახო, ბევრი ხალხი შენ სახელს ცუდი სიტყვების თანხლებით გაჰყვიროდეს;
პიპო ინძაგი ნახო, სიბერეში შვილებსაც კი დავიწყებოდე;
თბილისის ”დინამო” ნახო, ბევრი ფული გექნება და ვერ გამოგეყენოს;
”ზესტაფონი” ნახო, ქუთაისელებს ერიდე!
თემურ ქეცბაია ნახო, საფიქრალი მოგმატებოდეს;
მარადონა ნახო, ჭინკასთან პური გეჭამოს;
ფაბიო კაპელო ნახო, წითურ ხალხს შესჯავრებოდე;
კლაუდიო რანიერი ნახო, საქმე არ გამოგდიოდეს, მაგრამ მაინც არ ეშვებოდე;
პოლ სქოულზი ნახო, საკუთარი მკვდრეთით აღდგომა გენახოს;
რომან აბრამოვიჩი ნახო, ფული გეფლანგოს და არ გედარდებოდეს;
ადრიანო ნახო, დუდუკებზე გექეიფოს;
დევიდ ბექჰემი ნახო, ცოლის ჭკუაზე გევლოს;
სერხიო აგუერო ნახო, სიმამრს შეჰყვარებოდე;
კრისტიან ვიერი ნახო, სიძვაში ფეხი შეგედგას;
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნახო, ყველა სახსარი აგტკივდეს და წამალს ვერ შოულობდე.
ალბათ კიდევ ბევრ ფეხბურთელზე და ფეხბურთთან დაკავშირებულ ამბავსა თუ მოვლენაზე შეიძლება საინტერესო ”სიზმრების ახსნის” მოფიქრება. ასე რომ, დანარჩენი უკვე თქვენზეა!
ლევან სეფისკვერაძე