“ზუგდიდის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, მალე სიურპრიზს შემოგთავაზებთო. როგორც შევიტყვეთ, საქმე ამაშია: კლიმენტი წიტაიშვილი “ზუგდიდში” ითამაშებს.
წიტაიშვილი დარასელიას მისვლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. კლიმენტი ამჟამად გუნდთან ერთად გამალებული ვარჯიშობს და არაა გამორიცხული, უახლოეს ტურში, ან ორი ტურის შემდეგ მაინც ითამაშოს.
წიტაიშვილი 34 წლის გახლავთ და ბოლოს კვიპროსულ “ნეა სალამისში” თამაშობდა 2009-2010 წლებში. ის ზუგდიდურ კლუბში იწყებდა კარიერას, საიდანაც 1995 წელს “შევარდენი-1906”-ში გადავიდა. წიტაიშვილს სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია თბილისის “დინამოში”, თსუ-ში, “ჰაპოელ ირონში”, “ბნეი იეჰუდაში”, “ჰაპოელ ცაფრორიმში”, ფოთის “კოლხეთში”, “ანორთოსისში”, ლიმასოლის აელ-ში, ლარნაკას აეკ-ში. კლიმენტი გახლდათ ქეცბაიას გაწვრთნილ იმდროინდელ “ანორთოსისში”, რომელმაც 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
როგორც იცით, “ზუგდიდი” უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზეა, უკვე აშკარად ჩამორჩა სხვა გუნდებს. ვნახოთ, როგორ ითამაშებს წიტაიშვილი – საინტერესო იქნება.