ესპანური პრესის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლას აპირებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაბრეგასის შეძენა “მანჩესტერ იუანიტედსა” და ფეხბურთელის ყოფილ კლუბს, “არსენალს” სურდათ. თუ კატალონიურ El Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, მათ რიგებს “მანჩესტერ სიტიც” შეუერთდა.
“მანჩესტერ სიტის” ჩაბარებას მანუელ პელეგრინის უწინასწარმეტყველებენ და როგორც ჩანს, ჩილელი სპეციალისტი “ქალაქელების” ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიტი” ხესუს ნავასისა და პეპეს შეძენას გეგმავს.
სესკ ფაბრეგასი “ბარსელონაში” 2011 წელს, “არსენალიდან” დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ კატალონიელმა მშობლიური კლუბის გულშემატკივართა იმედები, ჯერჯერობით, ვერ გაამართლა.