პრემიერლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტიმ” “ეტიჰად სთედიუმზე” “ლივერპული” მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის დასაწყისში, “ლივერპული” მცირე უპირატესობას ფლობდა და დანიელ სტარიჯს ერთი ნახევარ-მომენტი შეექმნა, რომელიც ჯო ჰარტმა მოიგერია. მთელი ტაიმის მანძილზე “სიტის” რეალური მომენტი არ ჰქონია. მათი პირველივე რეალური მომენტი გოლით დასრულდა. 41-ე წუთზე, იოვეტიჩმა მორენოს მოპარა ბურთი და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში, უკვე “სიტი” ფლობდა უპირატესობას, რაც 55-ე წუთზე მეორე გატანილ გოლში აისახა. სტევან იოვეტიჩმა დუბლი გაიფორმა. მესამე გოლი კი, მთლიანად ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელების, ნავასისა და აგუეროს დამსახურებაა. ესპანელმა დიდებული პასი გაუკეთა არგენტინელ ფორვარდს, რომელმაც შემოსვლიდან ერთ წუთში შეძლო გოლის გატანა. “ლივერპულმა” ერთადერთი რაც შეძლო, ეს პრესტიჟის გოლია. 83-ე წუთზე, დანიელ სტარიჯმა თავზე დაასვა ბურთი რიკი ლამბერტს, რომლის თავურიც ჰარტმა უკუაგდო, მაგრამ ბურთი ზაბალეტას მოხვდა უხერხულად და მაინც “სიტის” კარში აღმოჩნდა 3:1.
“ტოტენჰემის”, “ჩელსისა” და “სუონსის” მსგავსად, “სიტიმაც” ქულების მაქსიმუმს მოუყარა თავი.
მანჩესტერ სიტი – ლივერპული 3:1 (1:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდო, ტურე, სილვა (ნავასი 64), იოვეტიჩი (ფერნანდინიო 80), ნასრი, ჯეკო (აგუერო 68).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
ლივერპული (4-3-3): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, მორენო, ჯონსონი, ალენი (ჩანი 75), ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (მარკოვიჩი 60), სტერლინგი (ლამბერტი 79), სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები:1:0;2:0 იოვეტიჩი (41;55), 3:0 აგუერო (69), 3:1 ზაბალეტა (83 ს.კ.).
გაფრთხილებები: ტურე- ჩანი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 9(4)-11(3), ჯარიმა: 13-7, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-1.
ირაკლი ალიმბარაშვილი