ფეხბურთი

10:47 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე ბომბარდირობას უმიზნებს

17 სექტემბერს ფინეთის ვეიკაუსლიგის 28-ე ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. ტურკუს “ინტერი” ჩემპიონატის ბოლო ადგილოსან “ტურუნ პალოსეურას” ესტუმრა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (6:1).

სირბილაძემ თავის გამოჩენა 23-ე, 43-ე და 76-ე წუთებზე მოახერხა. თამაშის შემდეგ ქართველ მოთამაშეს ტურკუში დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ: “სამი გოლი გავიტანე და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ვფიქრობ ნორმალურად ვითამაშე და ასევე მინდა აღვნიშნო მთლიანად გუნდის კარგი თამაში”.

- აგვიწერე შენს მიერ გატანილი გოლები.

- პირველი ბურთი კუთხურს მოჰყვა, როცა თავზე ყველას ვაჯობე და მეკარისაგან შორეულ კუთხეში გავიტანე. მეორე გოლისას ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის დროს დასწრებაზე კარგად ვითამაშე, რის შემდეგაც მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოვჩნდი და შევაგდე. მესამე გოლისას იმავე ფლანგიდან მივიღე გადაცემა, ოღონდ შორეულ ძელთან ვიდექი და ერთი შეხებით დავარტყი. ამჯერადაც  წარმატებული დარტყმა გამოვიდა.  საგოლე პასი პირველი გოლისას მიკა ოიალამ გამიკეთა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ჰენრი ლენჰოტენმა იკისრა ასისტენტობა.

- ჩემპიონატის დასრულებამდე ტურკუს “ინტერს” ხუთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, შენ კი საუკეთესო ბომბარდირს 3 გოლით ჩამორჩები. რამდენად რეალურია კვლავ გახდე ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირი?

 - რა თქმა უნდა რეალურია. მაქსიმალურად შევეცდები დარჩენილ მატჩებში საგოლე მომენტთა უმრავლესობა გოლად ვაქციო და ტიტულიც მოვიპოვო.

 - წარმატებული თამაშიდან გამომდინარე სავარაუდოდ ეროვნულ ნაკრებში გამოძახების იმედიც გაგიჩნდა...

- ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყველა მოთამაშეს აქვს, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს მწვრთნელი. ბატონმა თემურმა კარგად იცის, ვინ უნდა გამოიძახოს.

 

დიმა შარიქაძე

0.117586