ინტერვიუები

10:37 | 19.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

სირაძე ნალჩიკელებთან ორწლიანს აფორმებს

ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე, რომელმაც რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მეორე ნახევარი იჯარით “სპარტაკ-ნალჩიკში” გაატარა, ყაბარდო-ბალყარულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“კლუბის ხელმძღვანელობას ორწლიან კონტრაქტზე შევუთანხმდი. ნალჩიკელები ხელშეკრულებას მოამზადებენ და 20, ან 21 დეკემბერს ფაქსით გამომიგზავნიან. მეც ხელს მოვაწერ და უკან ფაქსითვე გავგზავნი. ნალჩიკელები რეალურ წინადადებას მთავაზობენ და მთავარი მწვრთნელი იური კრასნოჟანიც მენდობა. ამიტომ, “სპარტაკში” დარჩენა მირჩევნია, ვიდრე რაიმე ვარიანტების გამოჩენას ველოდო. რუსეთის პრემიერლიგაში კარგი დონეა და ნალჩიკიდან, შემიძლია უკეთეს გუნდში გადავიდე”, - განუცხადა სირაძემ “მსოფლიო სპორტს”.
-    კლუბში როდის უნდა გამოცხადდე?
-    5 იანვარს მე და ალეკო ამისულაშვილი ნალჩიკში უნდა ჩავიდეთ, ხოლო 10 იანვარს, გუნდს შეკრებაზე გავყვებით.
-    გოგიტა გოგუა თქვენთან ერთად არ მოდის?
-    გოგუაზე ვერაფერს გეტყვით. მას კლუბთან კონტრაქტი კი აკავშირებს, მაგრამ მწვრთნელთან უთანხმოება ჰქონდა...
-    ნალჩიკში დაბრუნებამდე, გქონდათ გროზნოს “ტერეკში” გადასვლის ვარიანტი, რომელიც, როგორც ვიცით, თქვენი მენეჯერის მიერ ტრანსფერის სანაცვლოდ დიდი თანხის მოთხოვნის გამო ჩაიშალა...
-    “ტერეკთან” ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ მენეჯერმა მართლაც დიდი თანხა მოითხოვა და ტრანსფერი ჩაიშალა.
ლაშა თაბაგარი 

 
 

0.120789