ფეხბურთი

19:39 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირაძე ეროვნულ ჩემპიონატს გამარჯვების გოლით დაუბრუნდა

“სიონი” უეფას ევროპის ლიგას პირველივე ეტაპზე ალბანურ “ფლამურტართან” დაპირისპირებისას გამოეთიშა, ხოლო “ჩიხურამ” მე-3 რაუნდში აზერბაიჯანული “ნეფთჩის” ბარიერი ვერ დასძლია. შედეგად, ორივე გუნდი შიდა სარბიელზე გადმოერთო და ევროთასების საგზურის მოპოვებას მომავალი სეზონისთვის შეეცდება.

“სიონში” დავით სირაძეს დებიუტი შედგა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ  გატარებული წლების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა. “ჩიხურაში” პირველად ითამაშა დენის დობროვოლსკიმ. ის საჩხერელებმა “ნეფთჩისთან” თამაშის შემდეგ დაიმატეს.

სტუმართა განაცხადში მეკარე გიორგი სომხიშვილი და ნახევარმცველი გიორგი ბეჭვაია არ იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გუნდი დატოვეს. სომხიშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. გიორგი რეხვიაშვილი საჩხერელთა სათადარიგო სკამზე სამოქალაქო ტანსაცმელში იჯდა. გადაწყვეტილია, რომ “ჩიხურას” ისიც დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბეჭვაია, სავარაუდოდ, კარიერას კვიპროსის ერთ-ერთ გუნდში გააგრძელებს, რეხვიაშვილი  კი "ბურსასფორიდან" პასუხს ელის.

აქვე ვთქვათ, რომ თამაშს იმდენი მაყურებელი დაესწრო, რომ ადამიანი სათითაოდ დაითვლიდა. 

პირველი სახიფათო შეტევა “სიონმა” განახორციელა, როდესაც ვილი ისიანი ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს ფარედან სახიფათოდ დაარტყა - ბურთი კარს გადასცდა.

მე-19 წუთზე, ზვიად ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგზე კარგი რეიდი განახორციელა და მეტოქის საჯარიმოში სირაძე მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.

22-ე წუთზე, გიორგი კორიფაძემ მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა და ლაშა ჭელიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.  

31-ე წუთზე, ილია კანდელკმა მარცხენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოშ ჩააწოდა და ბურთი კარისკენ მოიჭრა - მაქსიმე ქვილითაიამ თანაგუნდელები მორიგი გოლის გაშვებისგან იხსნა.

ცოტა ხანში, ანალოგიური სიტუაცია მარჯვენა ფლანგიდან შეიქმნა, როდესაც დავით იმედაშვილმა ჩააწოდა და ქვილითაიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. “სტანდარტული” თორნიკე აფციაურმა შეასრულა და გიორგი განუგრავამ თავით დაარტყა - ქვილითაიამ ამჯერადაც იყოჩაღა.

52-ე წუთზე, ისიანმა სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ოდიკაძის ფეხიდან წასული ბურთი ქვილითაიამ კუთხურზე უკუაგდო.

61-ე წუთზე, მარცხნიდან ბესიკ დეკანოიძის პასი შემდეგ, “სიონის” საჯარიმოში შეჭრილმა ლაშა კუჭუხიძემ დაარტყა, მაგრამ კარიდან წინ გამოსულმა ზურაბ ბათიაშვილმა არ გაატანინა.

68-ე წუთზე, ბოლნისელთა შეტევის დროს, “ჩიხურას” საჯარიმოში მყოფმა განუგრავამ კარში არ დაარტყა და პასს ისიანს აძლევდა, მაგრამ სტუმართა მცველმა ბურთი ჩაჭრა.

83-ე წუთზე, ისიანმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და ქვილითაიამ საიმედოდ ითამაშა. 86-ე წუთზე, ირაკლი სამხარაძე საჩხერელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და კარგი პასი გურამ გურეშიძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

მატჩის მიწურულს კუჭუხიძემ ახლო მანძილიდან მარცხენა მახვილი კუთხიდან “ცაციათი” დაარტყა და მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

 

11 აგვისტო. თბილისი. სტადიონი “მიხეილ მესხი”.

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (1:0)

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, იმედაშვილი, კანდელაკი, გივი კვარაცხელია, გოგობერიშვილი, გაუნგრავა, აფციაური (სამხარაძე, 80), ზვიად ლობჟანიძე, ისიანი (ცხადაია, 90), სირაძე (გურეშიძე, 62).

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

ჩიხურა: მაქსიმე ქვილითაია, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური (ნადირაძე, 79), ქიმაძე, კუჭუხიძე, ჩიკვაიძე, კორიფაძე (მუმლაძე, 55), დობროვოლსკი, შოთა კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე.

მთავარი მწვთნელი: სოსო ფრუიძე.

გოლები: 1:0 სირაძე (19)

გაფრთხილება: ლობჟანიძე (34), ლობჟანიძე (71), დობროვოლსკი (73), ქიმაძე (86)

გაძევება: ლობჟანიძე (71)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.

0.150739