გულშემატკივრის სვეტი

11:38 | 30.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა – სიყვარულის მსხვერპლი

საღამოობით, როდესაც სინიშა მიხაილოვიჩი ”ფიორენტინას” საწვრთნელი ბაზიდან დაღლილი ბრუნდება, არასოდეს არ შეივლის ბარში და საერთოდ, ამ კაცს ფლორენციის გასართობ ალაგას ვერ დალანდავთ. მაშინ, როდესაც ზაფხული იყო და ფლორენციაში ცხოვრება დუღდა, სინიშა სერბეთში მხოლოდ ერთი კვირით იყო წასული. დანარჩენი დრო  სახლში დასუნსულებდა, ან ”ვიოლას” ბოსების კაბინეტებში იჯდა და ათას რამეზე გაცხარებით კამათობდა, ან კი ქალაქში შემორჩენილ რომელიმე ფეხბურთელს ხვდებოდა და ჭიქა მანგოს წვენის თანხლებით სთხოვდა, ერთი სეზონი კიდევ დარჩენილიყო ფლორენციაში. ფეხბურთელობისას სინიშა ჭეშმარიტად უცნაურ კაცად ითვლებოდა და ადრე ცოტა ღვინის გადახუხვაც უყვარდა. მაგალითად, “ლაციოში” თამაშის დროს, ვარჯიშებზე მაშინდელ მწვრთნელს, სვენ გორან ერიქსონს წვრთნის მისეულ მეთოდებზე ესაუბრებოდა და ამის გამო, ზოგიერთი თანაგუნდელისგან დაცინვის ობიექტიც მრავალჯერ გამხდარა. როგორც გითხარით, ადრე ღვინო უყვარდა. უფრო ღვინო, ვიდრე ზოგადად დალევა. ”ინტერში” თამაშისას, მილანის ცენტრში მდებარე ღვინის ერთი პატარა მაღაზია ამოიჩემა. შევიდოდა, აარჩევდა ერთ ბოთლ რომელიმე ტკბილ იტალიურ ღვინოს და სახლში სწრაფად მიჰქონდა, ვინმეს რომ არ დაენახა. სინიშა ღვინოს რა გარემოში და ვისთან ერთად სვამდა, ეს არავინ იცის, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ასეთი ყაიდის კაცი ღვინით არასოდეს “გასკდება”.
  შარშან, როდესაც სინიშა ყველასათვის მოულოდნელად ”ფიორენტინას” მწვრთნელი გახდა, თითქმის მთელმა ფლორენციამ პირი შეკრა და სალამსაც კი ამადლიდნენ ახალ მწვრთნელს. ფლორენციელებმა მიხაილოვიჩს ცხვირი ასე იმიტომ აუბზუეს, რომ სანამ მას დანიშნავდნენ მწვრთნელად, საუბარი იყო გუნდში რობერტო ბაჯოს მოყვანაზე. ამ გუნდის ქომაგები კი, გუნდის მესაჭედ თუ  ვისმეს ისურვებენ პირველ რიგში , რობერტო ბაჯო და გაბრიელ ბატისტუტაა. ამასწინათ, “ვიოლას” ერთ-ერთი ცნობილი ქომაგი იმასაც კი ითხოვდა, რომ საკლუბო ჰიმნში ბატისტუტასა და ბაჯოს სახელებიც შეეტანათ. ლეგენდარული კურტ ჰამრინი, როგორც ჩანს, ახალ თაობას არც ახსოვს და დიდად არც აინტერესებს. თუმცა, ახლა სულ სხვა რამეზე ვსაუბრობთ.... როდესაც სერბი სინიშა გაამწვრთნელეს, მთელი შარშანდელი სეზონის მანძილზე ”არტემიო ფრანკიზე” მისული ქომაგების რაოდენობა თანდათან კლებულობდა. ფლორენციელების ნიჰილიზმი ბოლოს იქამდეც კი მივიდა, რომ ქალაქში წინა მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის, როგორც გუნდის მოღალატის  სურათები დაწვეს, აქაოდა როგორ გაბედა და აწყობილი გუნდი მიატოვაო. ეს მაშინ, როდესაც ,  იტალიელთაგან ალბათ მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს ”სკუადრა აძურას” მწვრთნელობაზე. თან როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ნიჭიერ და ამბიციურ კაცზე, როგორიც სენიორ ჩეზარეა. მოკლედ, ფლორენციელები თავიდან ვერაფრით შეეგუენ  სინიშა მიხაილოვიჩს, მაგრამ ახლა საქმე იქითკენ მიდის, რომ არცთუ ურიგოდ დაწყებული წლევანდელი ჩემპიონატის გამო, ფლორენციაში სინიშა შინაურ კაცადაც შეიძლება მიღონ. იტალიის სერია “ა”-ს მეოთხე ტურში, როდესაც ”ფიორენტინა” ნეაპოლში “ნაპოლის” ხვდებოდა, ასეთ გასვლით მატჩებზე იტალიური კლუბების მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ქომაგები დადიან, რომლებსაც თავიანთი გუნდი იმდენად უყვართ, რომ მისთვის თავის გასაწირადაც კი არიან მზად. რამეთუ, ცნობილია ნეაპოლელი ტიფოზების გიჟმაჟობა და აგრესიულობა (მადლობა ღმერთს, აპენინზე არგენტინასა და ბრაზილიასავით ყოველ ტურში არ კლავენ ადამიანს, მაგრამ ნეაპოლელთა მიერ ნაჟეჟ-ნაბეგვი სტუმარი გუნდების ქომაგების დაღვრილი სისხლი, დღემდე ცას შეჰღაღადებს). მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ნეაპოლში ჩასულმა ”ფიორენტინას” ყველაზე რისკიანმა ქომაგებმა, სინიშა მიხაილოვიჩის დანიშვნიდან პირველად, სერბი მწვრთნელის დიდი პლაკატი გამოფინეს წარწერით: ”წინ სინიშა! ჩვენ შენი გვჯერა!” ახლა თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მიხაილოვიჩს  უხარია  ”ვიოლას” ქომაგების ნდობის მოპოვება და ყველაფერი ჯონ რემბოზე გადაღებული ამერიკული ფილმებივით კარგად და ”ჰეფი ენდით” დასრულდება. თუ ასე გგონიათ, ძალიან შემცდარხართ, რადგან ჯერ ”შეუცნობელ არს” ფლორენციელი ქომაგების ბუნება. იტალიური ფეხბურთის ბევრ მოყვარულს დღემდე გველის ნაკბენივით ახსოვს ის ფაქტი, ”ვიოლას” რამდენიმე უტვინო ტიფოზმა თუ როგორ შეურაცხყო და შემდეგ მოანგრია ფლორენციის ცენტრში დადგმული გაბრიელ ბატისტუტას მონუმენტი. ”ინტერში” გადასული ტოლდოსადმი ნასროლი ბოთლებიც ახსოვთ და რობერტო ბაჯოსადმი მიძღვნილი წყევლა-კრულვაც. "სიყვარულს თან დიდი ზიზღიც ახლავსო” - ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უთქვამს ერთ იტალიელ პოეტს და სინიშაც ახლა ყოველი კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ”თავსდატეხილ სიყვარულთან” ერთად, მრავალ უბედურებასაც უნდა ელოდოს. ფლორენციაში წასვლა მისი გადასაწყვეტი იყო. ტიფოზების კეთილგანწყობაში კი ალბათ თვით ღმერთიც ვეღარ ჩაერევა. ისღა დაგვრჩენია, ამ ახალგაზრდა კაცს დიდი  გამძლეობა ვუსურვით. გამძლეობა- რომლიც სიყვარულისგან დაიცავს.
 

 

ლევან სეფისკვერაძე

    

 

0.118791