ფლორენციის “ფიორენტინას“ სერბი მთავარი მწვრეთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი თავის მეუღლე ირინა ანიტკას კარგა ხანია, ოფიციალურად დაშორდა. ამ დაშორების შემდეგ, იტალიელი ჟურნალისტები სინიშას მუდმივად კუდში დასდევენ და უთვალთვალებენ, რათა რამენაირად მოახერხონ სერბი მწვრთნელის ინტიმური ცხოვრების ამბების გაგება, მაგრამ ნურას უკაცრავად! მიხაილოვიჩი ცოლთან დაშორების შემდეგ ქალთან სერიოზულ ურთიერთობებში ვერა და ვერ ამხილეს, რამაც მეტად გააოცა სკანდალებისმოყვარე იტალიელები.
როგორც სინიშა თავად აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბუცები კედელზე დაჰკიდა და მწვრთნელობას ხელი სერიოზულად მოჰკიდა, ნაკლებად რჩება ქალებზე და გართობაზე ფიქრის დრო. მიხაილოვიჩის თქმით, ახლა ფლორენციული კლუბი მისთვის ცოლიცაა და ოჯახიც და ძალიან გახარებულია, რომ “ფიორენტინას“ ხელმძღვანელებმა მისი ეს ერთგულება დააფასეს და “იებში“ კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს სამწვრთნელო კონტრაქტი.
სინიშა მიხაილოვიჩის ფეხბურთისადმი ფანატიკური სიყვარული ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როდესაც ფეხბურთს თამაშობდა და ცოლთანაც ჯერ არ იყო დაშორებული. სინიშას ფეხბურთელობის დროს განსაკუთრებით უყვარდა მწვრთნელებთან მასლაათი და იქიდანვე “კოჭებში“ ემჩნეოდა, რომ მწვრთნელის პოსტზე ყოფნა ჰქონდა გულში ამოჭრილი. ეს ახალგაზრდა სერბი კაცი დიდი მექალთანე არც ადრე ყოფილა და ამ ბოლო დროს ხომ, ფეხბურთის გარდა, საერთოდ ყველაფერი დაივიწყა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სინიშას სექსუალური ცხოვრებით დაინტერესებულ “ყვითელ“ ჟურნალებს კიდევ ბევრჯერ ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში.