ფეხბურთი

15:17 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩი: “იტალიაში არწასაგებად თამაშობენ, სხვაგან მოსაგებად იბრძვიან”

 სერბეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი სინიშა მიხაილოვიჩი იტალიაში დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი მწვრთნელის ამპლუაში მუშაობდა. ყოფილი უკანახაზელი კარგადაა ჩახედული აპენინურ ფეხბურთში, ამიტომაც დაუკავშირდნენ მას იტალიელი ჟურნალისტები და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვეს.

 

- ჯერ კიდევ არ განელებულა “ბარსელონას” მიერ “მილანთან” ნაჩვენები თამაშით გამოწვეული ემოცია. როგორ გგონიათ, “როსონერი” თავიდანვე განწირული იყო?

- ასეა. როდესაც “ბარსელონა” ისეთი რიტმითა და სისწრაფეებით ასპარეზობს, როგორც ეს გასულ სამშაბათს მოხდა, მას ვერცერთი გუნდი ვერ გაუმკლავდება. “ბარსა” მსოფლიო საკლუბო-საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და თუ თამაში წაუვიდა, “ბლაუგრანასთან” ნებისმიერი სხვა კლუბი უშანსოდაა დარჩენილი.

- თქვენი სიტყვებიდან გამოდის, კატალონური გრანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა აზრი არ აქვს, მაინც დამარცხდები?

- თუკი დაცვაში იდეალურად ითამაშებ და “ბარსელონას” “შავი დღე” ექნა, მაშინ სასწაულის მოხდენა შესაძლებელია. ამასთან, კამპ ნოუელთა ოპონენტმა ნებისმიერი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. დავუბრუნდეთ, “ბარსა”-“მილანის” განმეორებით მერვედფინალურ დაპირისპირებას. ნიანგს ანგარიში 1:1 რომ გაეხადა, შესაძლებელია ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ბარსელონელები მაინც შეძლებდნენ მეოთხედფინალში გასვლას.

- “იუვენტუსი” თუ მოახერხებს “ბარსელონისთვის” მეტი წინააღმდეგობის გაწევას?

- “ბებერი ქალბატონი” სერია A-ს კი მოიგებს, მაგრამ ევროგრანდების დონეზე გასასვლელად და მათ დასამარცხებლად რამდენიმე ტოპფეხბურთელის დამატება დასჭირდება.

- მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩის?

- იბრა ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა, მაგრამ არ მგონია იგი “იუვენტუსში” დაბრუნდეს. ზლატანს მეტად მაღალი ხელფასი აქვს, 31 წლისაა და თუ სადმე წავა, ეს ევროპის რომელიმე ჩემპიონატი არ იქნება. თანაც, არ ვიცი, როგორ წავიდა იბრა ტურინიდან, რა დამოკიდებულება აქვს მას კლუბის ქომაგებთან. როდესაც “ინტერში” ვმუშაობდი, ზლატანი “სან სიროზე” თამაშობდა. მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

- იბრაჰიმოვიჩთან მუშაობა რთულია?

- ზლატანს მტკიცე ხასიათი აქვს, მასთან განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. როდესაც “ინტერში” რობერტო მანჩინის თანაშემწე გახლდით, მასთან არანაირი გაუგებრობა არ მომსვლია. იბრას საერთო ენას იოლად ვპოულობდი.

- კასანოზე რას გვეტყოდით?

- ანტონიოს კარგად ვიცნობ. ის კარგი ბიჭია, მხოლოდ ხანდახან უყვარს “ჭკუიდან გადადგომა”. მეგონა, ქორწინება და შვილის შეძენა დააღვინებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა. ყველანი უნდა შევეგუეთ, რომ კასანო არასდროს შეიცვლება.

- ბალოტელი?

- მარიოც კარგი ადამიანია. მანჩინის ვეთანხმები – 30 წლის გადაბიჯების შემდეგაც “ბალო” გაზეთების ფურცლების პირველ გვერდზე იქნება. ერთ აზრს უნდა შევეგუოთ – ბალოტელი უნდა მივიღოთ ისეთი როგორიცაა, ან საერთოდ გავწყვიტოთ მასთან ურთიერთობა.

- ზემოთ ახსენეთ, რომ სკუდეტოს “იუვენტუსი” მოიგებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს რომელი გუნდები მოიპოვებენ?

- “ნაპოლის” დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორე ადგილზე გასვლის შანსი “მილანს” აქვს. მესამე ადგილზე დამკვიდრების რეალური შესაძლებლობა “ფიორენტინას” გააჩნია. ჩემ საყვარელ გუნდებს – “ლაციოს” და “ინტერს” – პრობლემები მიეძალათ. თუმცაღა, “არწივების” გაკრიტიკებისგან თავს შევიკავებდი – “ლაციალე” შესაძლებლობათა მაქსიმუმს აჩვენებს.

- “ინტერი”?

- “ინტერმა” ცუდად დაიწყო, შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა, მერე ისევ წარუმატებლობათა სერია ჰქონდა. მეჩვენება, რომ “ნერაძურის” ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობენ და ტავდაჯერებულობა აკლიათ. სეზონის მიწურულს დიდი როლი ეკისრებათ გამოცდილ მოთამაშეებს, მათ შედარებით ახალგაზრდები უნდა აიყოლიონ და პირადი მაგალითით წინ გაუძღვნენ. ანდრეა სტრამაჩონი რთულ მდგომარეობაშია და მას წარმატებას ვუსურვებ. მან ეს დაიმსახურა, როგორც მასიმო მორატიმ.

- მორატიზე ნაწყენი არ ხართ? მან ხომ 2 წლის წინათ “ინტერში” თქვენ დაბრუნებაზე უარი განაცხადა...

- მორატისა და მის და ბედისთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ბოლოს მათ ქრისტეშობის დრესასწაულზე შევხვდი. “ინტერთან” თანამშრომლობა კარგად მახსენდება.

- სადღეისოდ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად ვის თვლით?

- ფრანჩესკო ტოტის. “ჩესკო” კალჩოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესია. დიდ პატივს ვცემ რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროს და რობერტო მანჩინის, მაგრამ ტოტი საუკეთესო იტალიელი “ათიანია”. ერთიცაა – საუკეთესოდ 37 წლის ფეხბურთელს ვასახელებ, ეს კი იმას მიუთითებს, რომ კალჩოში ყველაფერი რიგზე არაა. ფეხბურთი ქვეყნის მდგომარეობის ამსახველია. ესპანეთი, გერმანია, ინგლისი იტალიეზე წინ არიან, საფრანგეთშიც ფეხბურთი წინ მიიწევს. იტალია ამ ქვეყნებს ბევრი პარამეტრით ჩამორჩება – დაწყებული ინფრასტრუქტურით, მენტალიტეტით დასრულებული. იტალიაში თამაშობენ, რათა არ წააგონ, სხვაგან მოსაგებად იბრძვიან.

0.113248