აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის “სიმურგის” ხელმძღვანელობა, მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ, azerisport.com-ი ზაქათალელთა პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ჩიხრაძე “სიმურგს” სათავეში შარშან მარტში ჩაუდგა და გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა. მიმდინარე სეზონში, 45 წლის ქართველი სპეციალისტის თავკაცობით გუნდი ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფება. ჩიხრაძეს “სიმურგთან” ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბის მესვეურები მასთან შეხვედრას პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის შემდეგ გეგმავენ.
აქვე გეტყვით, რომ ქართველი მწვრთნელი გულშემატკივრის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 10 მატჩით დისკვალიფიცირებულია და ე.წ. ტექნიკურ ზონაში ყოფნას, ის მომავალი ჩემპიონატის მხოლოდ მე-7 ტურში შეძლებს.