პორტუგალიელ ფეხბურთელს, სიმაო საბროსას მოვლენებით დახუნძლული კარიერა აქვს. შიდა ასპარეზზე მან იასპარეზა ისეთ გუნდებში, როგორებიც “სპორტინგი” და “ბენფიკაა”. ესპანეთში კი ძალები მოსინჯა “ბარსელონასა” და “ატლეტიკოში”. მადრიდულ კლუბში 30 წლის ფეხბურთელი დღემდე წარმატებით ასპარეზობს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მას სიმაო 2004 წლის ვროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაში და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილის დაკავებაში დაეხმარა. ფიფას ოფიციალური საიტის წარმომადგენელმა გადაწყვიტა სიმაოსთან ესაუბრა სამხრეთ აფრიკისკენ მიმავალ გზაზე, G ჯგუფზე და მის მონაწილეებზე, პორტუგალიელთა სამუნდიალო ამბიციებზე, მადრიდის “ატლეტიკოსა” და მის ბავშვობის კუმირზე.
- როგორ ფიქრობთ, რატომ გაუჭირდა პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება?
- ჩვენი მწვრთნელი, კარლოს კეირუში ცდილობდა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდის ჩამოყალიბებას. მან გადაწყვიტა ნდობა გამოეცხადებინა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და ამის გამო გაგვიჭირდა საკვალიფიკაციო ეტაპის დასაწყისში. ჩვენ გვყავდა ახალი გუნდი ახალი მწვრთნელით. მაგრამ ნელ-ნელა მოვუმატეთ თამაშს და ვთვლი, რომ დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი და ერთიანი გუნდი გვყავს.
- ეს სიძლიერე და ერთიანობა დაგჭირდებათ ჯგუფური ეტაპის დასაძლევად...
- ჩვენ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. ბრაზილია, კოტ დ’ივუარი და ჩრდილოეთ კორეის - დამეთანხმეთ, რომ ძალიან ძლიერი ჯგუფია. პირველი თამაში აფრიკელებთან გვაქვს. ჩვენი მიზანია გამარჯვება, ან მინიმუმ ქულის აღება. მეტოქე ძლიერია და ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა.
- პორტუგალიელი გულშემატკივარი მიეჩვია, რომ მათი ნაკრები ბოლო დროს მნიშვნელოვან ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს. ეს დამატებით ზეწოლას ხომ არ მოახდენს თქვენზე?
- 2004 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, 2 წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში. მართლაც საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ და გულშემატკივარი კვლავ ითხოვს ტურნირზე რაც შეიძლება შორს წასვლას. მაგრამ მოედანზე ყოფნის დროს კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ თამაშზე და ზეწოლას ყურადღებას არ ვაქცევთ.
- რა მიზნებით მიდის პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- ჯგუფური ეტაპის კენჭისყრიდან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი მიზანია პირველი ეტაპის დაძლევა და საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვედრა. შემდეგ ვნახავთ რა მოხდება, მაგრამ თუ ფლეი-ოფში გავედით, უკვე ყველაფერი იქნება შესაძლებელი. ჯგუფური ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო გაგვიჭირდება, რადგან შესაძლოა 1/8 ფინალში ესპანეთი შეგვხვდეს. ასე რომ, ჩვენი უპირველესი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.
- პორტუგალიას ჰყავს უფრო მეტი მაღალი დონის გარემარბი, ვიდრე რომელიმე სხვა ნაკრებს. რატომ ხდება ასე?
- ეს არის “სპორტინგის” ახალგაზრდული აკადემიის დამსახურება. ამ კლუბში ბავშვობიდანვე გაჩვევენ იმ ტაქტიკით თამაშს, რომელშიც გარემარბებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ბავშვების მოძიება და კვალიფიციურ მწვრთნელთა ჯგუფის მიერ მათი პროგრესირება. ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან “პორტუ” და “ბენფიკა”, გადაღებული აქვთ “სპორტინგის” მოდელი, მაგრამ ბოლო დროს ნაკრებში მოთამაშე ყველა გარემარბი - კრიშტიანუ რონალდუ, ლუიშ ფიგუ, ნანი, რიკარდუ კუარეჟმა და მე, “სპორტინგის” აღზრდილები ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მაღალი დონის გარემარბის ყოლა მნიშვნელოვანია.
- ვინ იყო ბავშვობაში თქვენი კუმირი?
- ლუიშ ფიგუ. მის ვარჯიშებს თვალს 13 წლის ასაკიდან მოყოლებული ვადევნებდი. სწორედ ამხელა ვიყავი, როდესაც “სპორტინგის” აკადემიაში ჩავირიცხე. ყოველთვის ვოცნებობდი მასავით თამაშზე. წილად მხვდა ბედნიერება, მასთან ერთად მეთამაშა “სპორტინგში”, “ბარსელონასა” და ეროვნულ ნაკრებში. იგი ყოველთვის სიამოვნებით მაძლევდა რჩევებს. ამის კეთებას იგი ახლაც განაგრძობს, რადგან მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ერთ ქალაქში გვიწევს ცხოვრება. ლუიშ ფიგუ კვლავ არის ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი, დამწყები ფეხბურთელები არიან ისინი, თუ შემდგარი პროფესიონალები.
- ფიგუ “რეალში” აღარ თამაშობს, მაგრამ პორტუგალიელი ფეხბურთელები მადრიდში მაინც დიდი რაოდენობით ხართ...
- დიახ, ესპანეთში ბევრი პორტუგალიელია. ზოგჯერ ვხვდები ხოლმე კრიშტიანუ რონალდუს და მის აგენტს. უფრო ხშირად ვხედავ პეპეს და დუდას - “მალაგას” ფეხბურთელს. ყოველთვის ვცდილობ კონტაქტი მქონდეს თანამემამულეებთან, თუნდაც ტელეფონით. ვწუხვარ იმის გამო, რაც შეემთხვა ფილიპე ლუისს. იგი ძალიან კარგად თამაშობდა და მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მას მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენას აიძულებს.
- რას გვეტყვით “ატლეტიკოს” ამჟამინდელ ფორმაზე. რატომ ასპარეზობს გუნდი ასე ცუდად?
- საკმაოდ არასტაბილურად ვასპარეზობთ, განსაკუთრებით ესპანეთის ჩემპიონატში. როდესაც თამაშს ვიგებთ, ბედნიერები ვართ, მაგრამ მხოლოდ 3 დღით. შემდეგ წავაგებთ და გუნდში ისეთი ატმოსფეროა, როგორც დაკრძალვაზე. ახლა ჩვენი მთავარი სამიზნეა ესპანეთის თასი: გვსურს ფინალში გასვლა და სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებულნი.
- სამწვრთნელო შტაბის წევრები ყოველთვის დადებითად გახასიათებენ. არის თქვენი მიზანი მათთან კარგი ურთიერთობის ქონა?
- ყოველთვის თავაზიანი უნდა ვიყო და მათ პატივი ვცე. ფეხბურთელი ვარ და ჩემი მიზანი ფეხბურთის თამაშია. მწვრთნელები თავის საქმეს აკეთებენ და მათ პატივი უნდა ვცეთ. თუკი მათ ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ, რატომ არ უნდა მქონდეს იგივენაირი მეც? მიყვარს როდესაც ადამიანს ვეუბნები, რომ ვაფასებ მას.
- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველთვის პოზიტიური პერსპექტივები გაქვთ. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ თქვენი საიდუმლო?
- ყოველთვის პოზიტიურზე ვსაუბრობ, რადგან ღიმილი არის ზეწოლასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ფეხბურთელს ძალიან დამღლელი ცხოვრება აქვს: თამაშები, ვარჯიშები, მოგზაურობა. მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად განტვირთვა, თითოეული წუთით სიამოვნების მიღება, გაღიმება და მხიარულება.
- გვითხარით უფრო მეტი ფეხბურთელების დატვირთვის შესახებ.
- თამაშის შემდეგ მიდიხარ სახლში და ისვენებ, 3 დღეში კი ისევ თამაში გაქვს. ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვარჯიში, დასვენება და სწორად კვება. ვარჯიშის შემდეგ სადილობ, შემდეგ კი სიესტის დროა. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვამჯობინებ DVD-ს ყურებას და ოჯახთან ერთად ყოფნას. ვცდილობ ყოველთვის ბედნიერი ვიყო.
- და ბოლოს, საკმაოდ რთული კითხვა - კრიშტიანუ რონალდუ, თუ ლიონელ მესი?
- (იცინის) თუ დღევანდელ ფორმაზე ვისაუბრებთ, ორივე ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით, მესი უკეთესია.
- და სიმაო?
- (იცინის) არა, მესი საუკეთესოა!
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა