ახლადგამოჩეკილ ბულგარელ მილიონერს, ვინმე დიმიტრი ივანოვს, თურმე გადაწყვეტილი აქვს, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთან ახლოს, მის მფლობელობაში არსებულ მიწის ფართობზე უზარმაზარი სტადიონი ააშენოს. ამ გადაწყვეტილებაში უცნაური და გასაკვირი რასაკვირველი არაფერია. ევროპაში ხომ არაერთი მდიდარი ადამიანი ერთობა საფეხბურთო ბიზნესით. თუმცა, ეს დიმიტრი ივანოვი ცოტა “სხვანაირი“ კაცი ჩანს, რადგან მას სურს, რომ სტადიონის არქიტექტურული ფორმები მის გარეგნობას შეესაბამებოდეს.
ანუ, საუბარია იმაზე, რომ ამ სტადიონს გარეგნულად ექნება ადამიანის თავის ფორმა და ეს ადამიანი თავად ბატონი დიმიტრი უნდა იყოს. ალბათ უკვე ხვდებით, თუ რა დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყებოდა ამ ამბის გახმაურების შემდეგ ბულგარეთში. ბულგარეთის მშენებლობის სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთ სულელურ ნაგებობაზე ლიცენზიას არასოდეს გასცემენ.
თუმცა, თავად ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ ბულგარეთის ხელისუფლებასა და ბულგარული სპორტის მესვეურებს დაიყოლიებს. აშკარაა, რომ ეს დიმიტრი ივანოვი ნარცისიზმის იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს და ისიც საუკეთესო შემთხვევაში..