სკანდალური ინფორმაცია, 3 მარტს გამართული საქართველოს და ესტონეთის ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო მატჩის (2:1) არბიტრთან დაკავშირებით, მოსალოდნელ განვრცობას პოულობს. სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, საკითხის ზოგიერთი დეტალის გასარკვევად მოლდოველ კოლეგასთან დასაკავშირებელი გზების ძიება დაიწყო. საქმე ის გახლავთ, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ცნობით, აღნიშნული შეხვედრის მოლდოველ არბიტრ ვიაჩესლავ ბანართან ქართული ფედერაციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მივიდა და მისგან თამაშში ესტონეთის ნაკრების გამარჯვების გარანტიები მოითხოვა.
გუბერნატორის განწყობით თუ ვიმსჯელებთ, “უკადრებელის მკადრებელი” ქართველის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. “მსოფლიო სპორტი” სწორედ მოლდოველი მსაჯის მომსყიდველის დასაზუსტებლად დაუკავშირდა სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას.
- ბატონო ზვიად, ალბათ ინფორმირებული იქნებით გახმაურებული სკანდალის შესახებ, რომელიც საქართველო-ესტონეთის მატჩის არბიტრის ჩვენს საწინააღმდეგოდ მოსყიდვის მცდელობას უკავშირდება.
- კი, მითხრეს ამის შესახებ. საქმის კურსში ვარ, თუმცა ჯერ არაფერი ისეთი არ ვიცი, ინფორმაცია ჯერ არ არის შემოწმებული. მე მთელი დღე ვცდილობ დავუკავშირდე მოლდოვას ფეხბურთის ფედერაციას, რომ ავიღო იმ მსაჯის ტელეფონი და დაველაპარაკო და გავიგო, სინამდვილეში რა მოხდა.
- დავით კირკიტაძე ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ გვგონია მოგონილი ინფორმაცია გაევრცელებინა - მან იმ პიროვნების ვინაობა იცის, ვინც მივიდა მოლდოველ მსაჯთან და საქართველოს ნაკრების წაგება მოთხოვა.
- ვერ გეტყვით, მე ბატონი დავითისთვის არაფერი მიკითხავს.
- არა მგონია უბრად იყოთ ერთმანეთთან და მოლდოვაში ტელეფონით დაკავშირების მცდელობას, კირკიტაძეს საქართველოში ჰკითხოთ ის არ სჯობს?
- მე შევეცდები თავად დავადგინო რეალობა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, ვიცი ვინც შეიძლება ყოფილიყო მსაჯთან მისულიო და ახლა რატომ არ აკონკრეტებთ?
- მე ვიცოდი ის, რომ ესტონეთთან მოგებიდან მეორე თუ მესამე დღეს, ვიღაცამ ფედერაციაში მითხრა - მსაჯთან მისულან და ჩვენი ნაკრების წაგება მოუთხოვიათო. სიმართლე გითხრათ, ხუმრობა მეგონა და ყურადღება არ მივაქციე. ახლა კი, როცა ეს საკითხი აქტუალური გახდა, გადავწყვიტე პირადად გავრკვეულიყავი. როგორც კი დავადგენ სიმართლეს, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ.
- ბატონო ზვიად, კიდევ ერთ ცოტა არ იყოს უცნაურ ამბავზე უნდა გკითხოთ. ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარში წერია, რომ საქართველოს და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თელავივური მატჩი 2011 წლის 7 ოქტომბრის ნაცვლად, იმავე წლის 29 მარტს ჩატარდება.
- გეთანხმებით, ეს მართალი ინფორმაციაა. ებრაელებმა გვთხოვეს, რომ რადგან 7 ოქტომბერს მათ ქვეყანაში რაღაც დღესასწაულია, ეს თამაში სხვა დროს გადაგვეტანა. მოიძებნა უეფას კალენდარში 29 მარტი და საბოლოო შეთანხმებაც შედგა.
- მერე და რის საფუძველზე დათანხმდა ქართული მხარე ამ მატჩის ამ დღისთვის გადმოტანას. იგივე კალენდრის მიხედვით 26 მარტს საქართველო თბილისში ხორვატიას მასპინძლობს და 3 დღეში ასეთი პრინციპული შეხვედრის დანიშვნა (მით უფრო უეფას დამტკიცებული კალენდარი ამას არ გვავალდებულებდა) სატურნირო თვალსაზრისით წამგებიანია.
- არა უშავს, ჩვენ ძლიერები ვართ და ასეთ შემჭიდროებულ გრაფიკში თამაშის არ უნდა შეგვეშინდეს.
- გასაგებია, რომ ქართველები ყველაფერში მაგრები ვართ, მაგრამ ამის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაზრებაც საინტერესოა და ხომ ვერ გვეტყვით თემურ ქეცბაიას აზრს?
- ჩვენ მას ისრაელიდან დავურეკეთ და ვუთხარით რაშიც იყო საქმე. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ასე რომ, თამაშის მარტში გადმოტანის გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელთანაც შეთანხმდა. საქართველოს ნაკრებს არცერთ მეტოქესთან თამაშის არ ეშინია, როგორ ვადებშიც არ უნდა იყოს იგი დანიშნული.
- შესაშური ოპტიმიზმი გქონიათ - ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს გადაელახოს ებრაელთა თხოვნით გართულებული კალენდრის სიძნელეები.
- მადლობა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ფრიდონ კერვალიშვილი