საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დომენტი სიჭინავას თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, თბილისის შემოგარენში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ სიჭინავამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლსაც მის გარდა, სფფ-ს გენმდივანი რეზო არველაძე და ვიცეპრეზიდენტი გიორგი ფირცხალავა დაესწრნენ.
აკადემიის მშენებლობის დასრულების მერე, მასში ოთხი ასაკობრივი კატეგორიის 140 ბავშვი ისწავლის. ფეხბურთის ფედერაციის განვითარების პროექტის თანახმად, მსგავსი აკადემიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უნდა აშენდეს, ხოლო სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
სიჭინავამ იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას წარუდგინა:
1. სტადიონების რეაბილიტაცია.
2. კლუბების ფინანსური მხარდაჭერა.
3. უეფას სუპერთასი – 2015.
4. უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა.
5. უეფა-სფფ-ის საგანმანათლებლო პროექტები (ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები).
6. მასობრივი ფეხბურთის განვითარება (ხელმისაწვდომობის გაზრდა).
გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში, გუნდების რაოდენობის განსაზღვრა, მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციის შიდა საქმეა. ამასთანავე, მან კლუბების მესვეურთ და ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა პირს მოუწოდა, რომ 2 ივნისამდე ჩემპიონატის ჩატარების პროექტები შემოიტანონ, რომლებსაც ფინანსური გარანტიები ექნებათ. თუ რომელიმე პროექტი დამტკიცდა, მაშინ, პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღდგება და მომავალ სეზონში ეროვნულ პირველობას ხსენებული ორგანიზაცია ჩაატარებს.
თუ მსგავსი რამ არ მოხდა, ამ შემთხვევაში 2014-2015 წლების სეზონშიც ჩემპიონატის პატრონობას სფფ ითავებს და უმაღლეს ლიგაში არავითარი ცვლილება არ მოხდება. სიჭინავამ დასძინა, რომ ხალხი შეცდომაშია შეყვანილი, თითქოს სამთავრობო კომისიაში მსჯელობა მხოლოს უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა-არგაზრდაზე მიმდინარეობს.