ფეხბურთი

18:52 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიახლე: კლუბების კონსოლიდაცია მოხდა, ახლა ჯერი სახელმწიფოზეა

 

გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 12-ვე კლუბის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისაუბრეს და სავალალო რეალობა გამოიკვეთა: თბილისის “დინამოს” გარდა, თითქმის ყველას მეტ-ნაკლები ფინანსური პრობლემები აწუხებთ, საგაზაფხულო ეტაპზე, შესაძლოა, ფეხბურთელებს ხელფასები ვეღარ გადაუხადონ, შედეგად აქცენტი ახალგაზრდებზე აიღონ და ჩემპიონატი ჭაბუკთა ლიგას დაემსგავსოს. ანდა კიდევ უარესი, რამდენიმე გუნდმა საერთოდ ვეღარ შეძლოს ჩემპიონატის გაგრძელება. 

თვალსაჩინოდ ეს ყველაფერი იმ გადაცემაში გამოჩნდა და შედეგიც სახეზეა, ამ დღეებში დიდი ხნის ნანატრი კონსოლიდაცია მოხდა. გეხსომებათ, გორის “დილას” მენეჯერ გია ისიანს არაერთხელ მოუწოდებია კოლეგებისთვის გაერთიანებისკენ. მუნიციპალური კლუბები ყაბულს იყვნენ, მაგრამ კერძოები უარს ამბობდნენ თანამშრომლობაზე. ახლა კი, ჩანს, ვითარება შეიცვალა. ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს თასის წილისყრის დამთავრების შემდეგ, სავარაუდოდ 12-ვე კლუბის წარმომადგენელი შეიკრიბება. საერთო მემორანდუმს მიიღებენ და სფფ-ს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კიდევ ერთხელ სთხოვენ, რომ საგაზაფხულოდ გუნდებს დამატებით გამოუყონ თანხები რათა ჩემპიონატი ნორმალურად ჩამთავრდეს.


0.134467