ფეხბურთი

16:36 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი ნაბიჯი მწვერვალამდე

დღეს საღამოს “ლივერპული” “ტოტენჰემს” უმასპინძლებს და თუ გაიმარჯვა, პრემიერლიგის ცხრილს სათავეში მოექცევა. თუმცა, დაკარგული ქულებით, ვირტუალურ ლიდერად მაინც “მანჩესტერ სიტი” დარჩება. ერთი კია, ლამის მთელი ინგლისი “წითლებს” ქომაგობს და ამის მთავარი მიზეზი 33 წლის კაპიტანი სტივენ ჯერარდია, რომელსაც პრემიერლიგაში არასოდეს გაუმარჯვია და ახლა რეალური შანსი გაუჩნდა – მწვერვალამდე სულ 7 თამაშია დარჩენილი. მცირე შემოკლებით გთავაზობთ Daily Mail-ის მიმომხილველის, ჯო ბერნშტაინის წერილს.

“მოულოდნელად 33 წლის სტივენ ჯერარდი ოცნებასთან ახლოს აღმოჩნდა. 2014 წელს ჯერაც დაუმარცხებელი “ლივერპული” დღეს “ენფილდზე” “ტოტენჰემს” მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, ეს მისი ზედიზედ მეშვიდე მოგება იქნება პრემიერლიგაში. ჯერ კიდევ აგვისტოში ვინ წარმოიდგენდა, რომ ბერენდან როჯერსის გუნდი “ჩელსის” და “სიტის” საჩემპიონოდ დაეჭიდებოდა და 1990 წლის შემდეგ ასე ახლოს იქნებოდა ტიტულთან? თუმცა ჯერ ორივესთან სათამაშო აქვს “ენფილდზე.”

ვისაც 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახსოვს, რა უნდა გაუკვირდეს, მაგრამ თავად კაპიტანი მოკრძალებულია: “მჯერა თუ არა? ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე, თუმცა, ხანდხან გონებაში ამოტივტივდება ხოლმე, “ – ამბობს ჯერარდი, რომელსაც კენი დალგლიშთან ერთად უკვე მიიჩნევენ “ლივერპულის” ყველა დროის მთავარ ლეგენდად და “მეფე კენის” მაჩვენებელამდე (172) ორი გოლი უკლია. “ამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია გუნდში და მათ არაფრის უნდა ეშინოდეთ, წინ ფანტასტიკური მომავალი ელით. მე კი უკვე კარიერის ბოლოში ვარ. ჩვენ მეთოდურად უნდა ვეცადოთ წინაღობების გადალახვას. 

მართლაც გუნდში არიან ლუის სუარესი, დენიელ სტარიჯი, რაჰიმ სტერლინგი, ჯორდან ჰენდერსონი. ასე რომ, ყველაფერი ჯერარდზე აღარ არის დამოკიდებული.

ჯერარდმა ბოლო 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა. “ის მოკლე ინსტრუქციებს იძლევა და მოთამაშეები უსმენენ – ამბობს როჯერსი, - ჟერარ ულიესა და რაფა ბენიტესის გუნდის წევრი იყო, მაგრამ ახლა უნიკალური შანსი აქვს პრემიერლიგის ჩემპიონის თასი შემართოს და ოცნება აისრულოს.

ჯერარდი: “ძალიან რთული თამაში იქნება “ტოტენჰემთან.” ისინი წლეულს სტუმრად გაცილებით უკეთ თამაშობენ, მართალია, ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ კარგი გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია. 7 მატჩი დაგვრჩა და ყველაში მინდორზე გასამარჯვებლად გავალთ.”

ამიტომ “ლივერპულში” სულ უფრო ხშირად იხსენებენ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, როცა “ლივერპული” “მილანთან” 0:3 აგებდა, მაგრამ ანგარიში გაუთანაბრა და შემდეგ პენალტების სერიაში დაამარცხა.

0.202112