ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ შვეიცარიელი ჩოგბურთელები როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა. ორივე მათგანმა ერთეულთა თანრიგში მესამე წრის ბარიერი გადალახა, წყვილთა შორის კი მათი დუეტი უკვე მეოთხედფინალშია.
დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ფედერერმა კალიფორნიის შტატის შეჯიბრების მესამე რაუნდში რუს დმიტრი ტურსუნოვს 7:6, 7:6 მოუგო, ნამატჩევს კი ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “ვგრძნობ, სწორ გზას ვადგავარ. მიუხედავად იმისა, ორივე სეტი ტაიბრეიკით რომ მოვიგე, სიმშვიდის გრძნობა არ დამიკარგავს. როდესაც საკუთარი შესაძლებლობის გწამს, ეს მომენტი მეტად გეხმარება”.
ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონ სტანისლას ვავრინკას რაც შეეხება, მან უპრობლემოდ, 6:0, 6:2 მოუგო იტალიელ ანდრეას სეპის და მასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 8:3 გახადა.
2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ფედერერ-ვავრინკას წყვილმა მერვედფინალში ლატვიელი ერნესტ გულბისისა და კანადელი მილოშ რაონიჩის დუეტს 7:6, 7:6 სძლია. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა, ნახევარფინალში გასასვლელად კი შვეიცარიელთა ტანდემი ჩეხი რადეკ შტეპანეკის და ინდოელი ლეანდერ პაესის წყვილს შეხვდება.