გერმანული ლუდი მთელ მსოფლიოში როგორი პოპულარული სასმელიცაა, ეს საყოველთაოდაა ცნობილი და სწორედ ამიტომაა, ბუნდესქვეყანაში ლუდის წარმოება წლიდან-წლამდე განუხრელად იზრდება და სხვა ქვეყნებში ექსპორტზეც სულ უფრო მეტი გერმანული ლუდი გადის. ყველგან ცნობილია გერმანული ლუდის პოპულარული ბრენდები. ამის მიუხედავად, გერმანიაში თითქმის ყოველდღე ახალი ბრენდებიც იქმნება და იმის გამო, რომ ნაკლებად ცნობილი ბრენდების ლუდი სხვებთან შედარებით იაფია, თავისი კლიენტურა მათაც ჰყავთ.
ბავარიაში ლუდის ახალმა ქარხანამ “შოონბეერმა“, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ორ წელიწადში გაყიდვების რაოდენობით იმდენს მიაღწია, რომ ქარხნის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, თავის ლუდს შედარებით აგრესიული ტიპის რეკლამა გაუკეთონ და სარეკლამო სახედ მიუნხენის “ბაიერნის“ ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი აირჩიეს. გერმანიაში ისევე, როგორც საქართველოში, აგრძალულია, სპირტიანი სასმელების რეკლამირების დროს იმის გამოჩენა, თუ როგორ სვამს რეკლამის გმირი სასმელს. ანუ, გამრეკლამებელი ოდენ სასმელის ბოთლთან ჩახუტებით და გემრიელად პირის წკლაპუნით უნდა შემოიფარგლოს. ბასტიანსაც სწორედ აქაფებული ლუდის ბოკალის ხელში დაჭერა და პირის წკლაპუნი დაევალა და ასეთი დავალებისათვის ბავარიელ შვაინშტაიგერს თავის გართმევა წესით არ უნდა გაუჭირდეს.
გერმანიაში თითქმის ყველა ცნობილ ლუდს თავის სარეკლამო სახედ პოპულარული გერმანელი ადამიანი ჰყავს არჩეული. მაგალითად, ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი “ლიოვენბრაუს“ არეკლამებს. ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ კარგ გერმანულ ლუდს რეკლამა სულაც არ სჭირდება და ბავარიული ლუდის მაღალი ხარისხი უკვე თავისთავად რეკლამაა, მაგრამ როდესაც კაცი ტელეეკრანზე ლუდის ბოკალით ხელდამშვენებულ ბასტიან შვაინშტაიგერს იხილავს, დაგვეთანხმებით, რომ სულ სხვაგვარ გუნებაზე დადგება.