თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა, “ჰაიდუკი”-”დილას” პირველი მატჩის შემდეგ თქვა, რომ სპლიტელებს, შემდეგ ეტაპზე გასვლის ჯერაც კარგი შანსი აქვთ, თუმცა ხორვატ მწვრთნელს, როგორც სჩვევია, არც ამჯერად დავიწყებია ქართველთა შექება.
“როგორც ვიცი, “ჰაიდუკს” ანდელკოვიჩი და კოტდივუარელი კუასი დაუბრუნდებიან. ეს ძალას შემატებს გუნდს. პირველ მატჩში “ჰაიდუკი” დომინირებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა. რჩება კიდევ 90 წუთი და მჯერა, რომ ტუდორის გუნდს შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა”.
ამასთან, შუშაკი “აჩუმებს” მათ, რომლებიც “დილას” და მთლიანად ქართულ ფეხბურთს ალმაცერად უყურებენ:
“ბევრს ჰგონია, ყოფილი საბჭოეთის ნაკრებში სულ რუსები თამაშობდნენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერ თაობაში, 11 კაცს შორის, 4-5 ქართველი იყო. თბილისის “დინამო” დიდი კლუბი იყო და საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის მსგავსად, პატარა ქვეყანაა და 4,5 მილიონი მაცხოვრებელია”.
შეხსენებისთვის, “დილა”-”ჰაიდუკის” საპასუხო მატჩი 8 აგვისტოს, “მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე დაიწყება.