სეზონის სტარტზე წარუმატებელი სერიის გამო, გერმანიის ბუნდესლიგის “შტუტგარტმა”, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა.
“შტუტგარტს” აგერ, ხუთი თამაშია გამარჯვების გემო არ უგრძვნია. თუ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩში ბულგარულ “ბოტევთან” ფრედ, 0:0 დასრულებული შეხვედრა, მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, ბუნდესლიგის სტარტზე განცდილი სამი მარცხი და იმავე ევროპის ლიგაზე “რიეკასთან” 1:2 წაგება, ხელმძღვანელობისთვის საბოლოო წვეთი აღმოჩნდა მოთმინების ფიალაში. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მასთან ერთად, თანამდებობას მისი ასისტენტიც დატოვებს.
უახლოეს დღეებში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ლაბადიას გადაყენების ოფიციალურად დადასტურებასთან ერთად, შესაძლოა, ახალი მწვრთნელის ვინაობაც გახდეს ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან 29 აგვისტოს, გუნდს ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩი ელის ხორვატულ “რიეკასთან”.
ახალი თავკაცის პოსტზე კანდიდატებად ტომას შნაიდერი, ზვონიმირ სოლდო და კრასიმირ ბალაკოვი სახელდებიან. აღსანიშნავია, რომ გასულ ზამთარს, კლუბმა ლაბადიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, გაზაფხულზე კი, გერმანიის თასის ფინალში ითამაშა და “ბაიერნთან” 2:3 დამარცხდა.