ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “შსს აკადემიამ” მეორე ლეგიონერი, სერბი ცენტრალური თავდამსხმელი მილე ილიჩი (1984.06, 104 კგ, 215 სმ) დაიმატა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
“ილიჩთან კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ, სამგზავრო ბილეთიც გავუგზავნეთ და სერბი მეფარე გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება” – გვითხრა ჟღენტმა.
ილიჩი ბოლოს ირანის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “მაჰრამში” თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 2006-2007 წლებში ნბა-ს კლუბ ნიუ ჯერსის “ნეთსშიც” კი გამოდიოდა. აღნიშნული გუნდების გარდა ნათამაშები აქვს “ჟელეზნიკში”, “ცრვენა ზვეზდაში”, “ვოივოდინაში” (ყველა სერბეთი), “ბილბაო”, “კახასოლი” (ორივე ესპანეთი), როსტოვის “ლოკომოტივი” (რუსეთი).
შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიამ” ილიჩამდე, მიმდინარე 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ლეგიონერი, უკანახაზელი პერიშ ბრაუნი დაიმატა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობს. როგორც ბრაუნს, ასევე ილიჩს “შსს აკადემიამ” კონტრაქტი 2013-2014 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმა.