ინტერვიუები

19:58 | 6.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მახარაძე: “დიდი ინვესტიციის გარეშე, ძნელია იქონიო დიდ ფეხბურთში დიდი შედეგის მიღწევის იმედი”

მამა-შვილის საფეხბურთო ტანდემი (იშვიათად, ტრიოც) ქართველებისთვის უცხო არაა. ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების პერიოდში ყოფილა შემთხვევა, როცა ქუთაისის “ტორპედოში” მოთამაშე მერაბ და გია მეგრელაძეს ერთ მატჩში გოლებიც გაუტანიათ. მწვრთნელის რანგში მომუშავე მამისა და მისსავე გაწვრთნილ გუნდში მოთამაშე შვილის მაგალითები გაცილებით მეტი გვაქვს. მამა-მწვრთნელი და შვილი-ასისტენტის პრეცენდენტი კი, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ჯერ არ ყოფილა.
არ ყოფილა და დღეიდან იქნება. თემურ მახარაძე უმაღლესი ლიგის ბინადარ გორის “დილას”, შარშან ნოემბრიდან წვრთნის, ახალი წლიდან კი მასთან ერთად შიდაქართლელთა საწვრთნელი პროცესის კურირებას, მისი ვაჟი, 31 წლის შოთა მახარაძე გაუძღვება.
“მსოფლიო სპორტმა” ახალგაზრდა მწვრთნელი რედაქციაში მოიწვია და განვლილ გზასა და მომავლის პერსპექტივებზე ესაუბრა.
- შოთა, როგორც ვიცით, ფეხბურთის თამაშს საკმაოდ ადრეულ ასაკში დაანებე თავი.
- ფეხბურთი 20 წლამდე ვითამაშე - თბილისის “ლოკომოტივში”, ლანჩხუთის “გურიაში”. საქართველოში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის მუშაობისას, თბილისის “დინამოში” ჩემი გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ამ მწვრთნელს მალე მოუწია წასვლა.
იმას, რომ ადრეულ ასაკში დავანებე ფეხბურთის თამაშს თავი, სხვას ვერავის დავაბრალებ - მიზეზი მხოლოდ ჩემში იყო. დავამთავრე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონიმიკური ფაკულტეტი და ამის შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში სასწავლებლად, სადაც ჰილდესჰაიმის სპორტული მეცნიერების უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ბოლო სემესტრზე სწავლისას, იქვე დავიწყე ერთ-ერთ მოყვარულთა გუნდში მუშაობა - ის იყო ჩემი პირველი პრაქტიკა.
სწავლის დამთავრებისთანავე საქართველოში დავბრუნდი და თბილისის “ნორჩ დინამოელში” რეზო ბარამიძესთან დავიწყე მუშაობა. ვიმუშავე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. 2 წლის შემდეგ (2008), ასე ვთქვათ, დამაწინაურეს და პირველი ლიგის გუნდში გადავედი. სხვათა შორის, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა - იქ მოთამაშე რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, დღეს უკვე საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ზოგს უცხოეთშიც მიეცა თავის გამოჩენის შანსი.
დაახლოებით 2 წლის წინ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება მივიღე ლატვიიდან. ჩავედი დაუგავპილსის “დაუგავას” პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად, შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის ძირითად კონცეფციაზე და მუშაობას შევუდექი.
კლუბის საფეხბურთო აკადემიაში მეთოდური მიმართულება მებარა, ვიყავი ბავშვთა აკადემიის მთავარი მწვრთნელი. პარალელურად დუბლებში ვასრულებდი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას, პირველი ხანობა თამაზ პერტიასაც ვეხმარებოდი დიდ გუნდში.
- ბუნებრივია, ბევრ საინტერესოს ნახავდით, რომლის საქართველოს პირობებში დანერგვა შეუძლებელი არ უნდა იყოს.  
- საშუალება მქონდა პარალელები გამევლო ქართულ და ბალტიისპირულ ფეხბურთს შორის. უარყოფითი იქაც აქვთ, მაგრამ დადებითი ჩვენზე ბევრად მეტია. საჭიროების შემთხვევაში, მათი არა ერთი სასარგებლო გამოცდილების გაზიარება შეიძლება, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება.
ვთვლი, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია მუშაობა. თავად ის პროცესი მახარებდა, რომ ბევრი განათლებული პიროვნება იყო ჩემს გვერდში და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.
- იქნებ “დაუგავას” ქართველ ლეგიონერებზე გვითხრათ - როგორი სეზონი ჰქონდათ?
- მოგეხსენებათ, გუნდმა 2011 წლის სეზონში გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა. გიორგი ჩიხრაძემ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. იგი მარცხენა მცველია და ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველთა შორის დაასახელეს. ქვეყანაში ყოფნისას მისი საუკეთესო სეზონი ჩაატარა ცენტრალურმა მცველმა ბიძინა ცინცაძემ. მამუკა ღონღაძეს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ლატვიის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ტრავმის გამო გაუცდა თამაშები.
- გუნდიდან უკვე წამოდით, მაგრამ ვინაიდან იქ ქართველები ისევ დარჩნენ, გვაინტერესებს - რა იქნება ახალი სეზონიდან?
- მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი კაცი ვარ თამაზ პერტიასთან მუშაობა რომ მომიწია. მიმაჩნია, რომ მის ასაკთან შედარებით ეს კაცი ძალიან წინაა წასული. სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 2011 წლის ზაფხულში იგი იძულებული გახდა გუნდიდან წამოსულიყო. მის ნაცვლად რუსეთიდან ჩამოიყვანეს ნაზარენკო, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და სეზონის ბოლოს გაუშვეს. ჩემი აქეთ წამოსვლისას, საუბარი იყო ყაზახეთის “ტობოლის” ყოფილი მწვრთნელის მოყვანაზე.
- სამწვრთნელო ლიცენზიის მხრივ რა ეტაპამდე ხართ მისული?
- საქართველოში ყოფნისას B კატეგორია მივიღე. ლატვიაში მინდოდა გამევლო უფრო მაღალი კატეგორიის კურსები, მაგრამ რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ, უფლება არ მომცეს. ვიცი, რომ ბოლო 2 წელიწადი საქართველოში A კატეგორიის შესაბამისი კურსები აღარ ჩატარებულა და იმედი მაქვს, მალე გვექნება ამის საშუალება. მოხარული ვარ, რომ ჩვენთანაც ეძლევათ მწვრთნელებს მაღალი დონის ევროპული განათლების მიღების შანსი, რაც კაცს სამშობლოდან სხვაგან წასვლისაკენ არ უბიძგებს.
- შოთა, ზემოთ ჩვენს და ლატვიურ ფეხბურთს შორის პარალელების გავლება ახსენეთ. ალბათ სხვაობა ბევრი იქნება.
- ყველა ქალაქში ძალიან მოწესრიგებული საკლუბო სისტემა და ინფრასტრუქტურა აქვთ. ყველა კლუბს საკუთარი აკადემია გააჩნია და დაინტერესებულნი არიან “შენობა საძირკვლიდან ააშენონ”. ასეთი წესრიგის გამო, ჩემპიონატში გამოკვეთილი აუტსაიდერი თითქმის არ არსებობს. სამაგიეროდ ჰყავთ 4 გუნდი, რომლებიც მუდმივად ჩემპიონობისთვის იბრძვიან - “სკონტო”, ვენტსპილსი”, “ლიეპაია” და “დაუგავა”.
- ლეგიონერების როლი როგორია?
- ცალსახაა, რომ ლეგიონერები ჩემპიონატის მშვენება უნდა იყოს. იქ ქართველებთან ერთად მრავლად არიან ბრაზილიელები, პორტუგალიელები, ლიტველები, რუსები, უკრაინელები. სწორედ ისინი აძლიერებენ გათამაშებას. თუმცა, ისეც არაა, რომ მათი სიმრავლით ვინმე იყოს შეწუხებული და ამის გამო ლიმიტი იყოს შემოღებული.
- ინტერესი როგორია - მატჩებზე დასწრებას ვგულისხმობთ.
- წამყვანი გუნდების თამაშებს ლიეპაიაში, დაუგავპილსსა და ვენტსპილსში უამრავი მაყურებელი ესწრება. 3000-4000 მაყურებელი ამ მატჩებზე ჩვეულებრივი ამბავია. მოგეხსენებათ, არასაფეხბურთო ქვეყნისთვის, სადაც სპორტის #1 სახეობა ჰოკეია, ეს რიცხვი ცოტა არაა.
- და ისევ ბავშვთა ფეხბურთს მივუბრუნდეთ...
- იქ ფეხბურთის ფედერაციიდან აქვთ კლუბებს განვითარების ისეთი პროგრამა, გინდა არ გინდა, აწყობილი მექანიზმი მუშაობს. ბავშვთა ფეხბურთში შესაშურად აწყობილი სისტემა აქვთ და აქიდან გამომდინარე ცოცხლობს ლატვიური ფეხბურთი. ეს იქ არც არავის უკვირს, რადგან თუ გუნდს საკუთარი აკადემია არ აქვს, იგი უეფას ტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს - ასეთი პერსპექტივა კი თვითიზოლაციას ნიშნავს, რაც არავის უნდა.
ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩვენს რეალობასთან ვადარებდი იქაურს. ბევრი წვრილმანი გამოჩნდა, რომლის ჩვენთან გაკეთება ნამდვილად შეიძლება. ჩამოვრჩებით რამდენიმე კომპონენტში და მათგან უმთავრესი ინფრასტრუქტურაა. თუ ბავშვთა ფეხბურთში არ ჩაიდო დიდი ინვესტიციები, ძნელია იქონიო დიდ ფეხბურთში დიდი შედეგის მიღწევის იმედი.
ამ დღეებში საბურთალოს ბავშვთა სკოლაში ვიყავი. მოსაზრებები გავცვალეთ და ძალიან მოხარული დავრჩი, რომ რაც იქ ვნახე, საქართველოშიცაა. ე.ი. აქაც შეიძლება საქმე ევროპულ დონეზე გაკეთდეს. იქ საკმაოდ საინტერესო ხალხი მუშაობს და მიხარია, რომ ასეთი რამ, როგორც იქნა, ჩვენთანაც ვნახე.
- ალბათ, ლატვიიდან ქართველ კოლეგებთანაც გქონდათ ურთიერთობა. მათგან ვის მუშაობას გამოყოფთ და შეაფასებთ?
- ძალიან მახარებს გიორგი ჭიაბრიშვილის წარმატებები. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ლანჩხუთის “გურიაში” და ვთვლი, რომ როგორც მწვრთნელი იგი საკმაოდ გაიზარდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია.
- საქართველოში თქვენი დაბრუნების მიზეზსა და მიზანზეც ვთქვათ.
- სამწვრთნელო საქმიანობაში, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი გარანტიებია. როცა მამაჩემთან მქონდა სატელეფონო საუბარი, გავიგე, რომ გორში იყო კარგი გუნდის გაკეთების სურვილი და შესაბამისი გარანტიებიც. ბუნებრივია, დრო გვიჩვენებს, სწორი იყო თუ არ ჩემი არჩევანი. კარგია, რომ მშობლიურ ენაზე მომიწევს ადამიანებთან ურთიერთობა და იმასაც შევეცდები, რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოვახმარო.
- ბუნებრივია, ლატვიურ ინფრასტრუქტურამდე გორში ჯერ შორია. თუმცა როგორც ადგილობრივთა შემართებიდან ჩანს, მთავარ გუნდს უკვე წელს შეუძლია ბევრისთვის სანუკვარი მიზნის მიღწევისთვის იბრძოლოს.
- აქ ჯერ აკადემიაზე საუბარი ადრეა. ვიცით, რომ სტადიონი თანდათან წესრიგდება, არსებობს სავარჯიშო მოედნის ახლო პერსპექტივა. ვფიქრობ, რომ საქმისადმი თანმიმდევრული მიდგომით ყველაფერი ნორმალურად წარიმართება.
- პირველად ქართულ სინამდვილეში, მამა-შვილს უმაღლესი ლიგის გუნდის სათავეში ყოფნა მოგიწევთ.
- ჩვენ გარკვეული პერიოდი როგორც პროფესიონალები ვურთიერთობთ და სუბორდინაცია დაცული გვაქვს. ერთად მუშაობა პირველად მოგვიწევს და ვთვლი, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება. ერთი ვიცი, რომ სამუშაოზე მამაშვილური დამოკიდებულება წინა პლანზე არ იქნება წამოწეული.
- “დილაში” მოსახდენ უახლოეს ცვლილებებზე თუ ფლობთ ინფორმაციას?
- რა თქმა უნდა, კულუარებში უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ როგორც ვიცი, მთავარი მწვრთნელი უახლოეს მომავალში თავად გააკეთებს სიახლეთა შესახებ განცხადებებს.
- გუნდის მიზანზე რას იტყვით?
- “დილა” უნდა მოხვდეს ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდში.
 

ფრიდონ კერვალიშვილი









 

0.153665