შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" აღარ ხუმრობს. გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ისევ მეორე ადგილზეა: ერთი ქულით ჩამორჩება "ფენერბახჩეს", რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. არველაძის გუნდმა შინ იოლად სძლია "გაზიანთეფსფორს" – 3:0. სამივე გოლი საწყის 22 წუთში გავიდა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ნიკა გელაშვილის "ყარაბაღმა" გასვლაზე ვერ აჯობა აზალ-ს (1:1), მაგრამ ლიდერად დარჩა. გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა წინა მატჩისგან განსხვავებით, უგოლოდ დარჩა – ერთ მომენტში პირისპირ გასვლისას ვერ გაიტანა.
ქართველი მწვრთნელების (კახა ცხადაძე-გიორგი ჩიხრაძე) დაპირისპირება 0:0 დასრულდა. "ინტერმა" შინ ვერ აჯობა "სიმურგს" და ეს გუნდები, შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე ადგილზე არიან. "ინტერიდან" ოთხივე ქართველი სასტარტოში იყო: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე. სალუქვაძე შესვენებისას შეცვალეს, იაშვილი კი - ბოლო წუთებზე.
"უნტერჰახინგმა", სადაც საქართველოს მოქალაქე ლუკა ჰუფნაგელი თამაშობს, შინ 4:0 მოუგო "შტუტგარტ II"-ს და გერმანიის მესამე ლიგაში მესამე ადგილზეა. 19 წლის ჰუფნაგელი სასტარტოში გახლდათ და 83-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთის ჩემპიონატში ალეკო ამისულაშვილის "კრილიამ" შინ 1:2 წააგო მოსკოვის "დინამოსთან" და მე-11 საფეხურზეა. ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.