სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” საქართველოს ნაკრების ვარჯიშს შოთა არველაძემაც უყურა. ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად თურქული “ქასიმფაშას” მწვრთნელი დღეს ისევ დაბრუნდება სტამბულში. “მსოფლიო სპორტი” შოთას გაესაუბრა:
- თქვენმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო. მიზნად რა გაქვთ?
- ევროტურნირებზე გასვლა გვსურს.
- წინა სეზონთან შედარებით, “ქასიმფაშა” ახლა უფრო ძლიერია?
- ჩემი აზრით, კი. ვგულისხმობ როგორც შემადგენლობის გაძლიერებას, ასევე შეთამაშებას.
- მომდევნო ტურში “ფენერბახჩეს” ეთამაშებით. სხვათა შორის, ვიდეო ვნახეთ, რომელშიც “ფენერბახჩეზე” რაღაც სახუმაროს ამბობთ – თურქეთში ამ ვიდეოს ბევრი მნახველი ჰყავდა და კონკრეტულად, რას ამბობდით?
- 3 დღით ადრე “ფენერბახჩეს” თასზე ვხვდებოდით. ვიგებდით, მეტოქემ ბოლოს გაგვითანაბრა და პენალტებში წავაგეთ. სანამ გაგვიტანდნენ, ფეხბურთელის შეცვლა მინდოდა, მაგრამ არა და არ აწიეს ალამი. შეცვლა არ გამაკეთებინეს და გოლიც გაგვიტანეს. და მომდევნო მატჩში იგივე სიტუაცია მეორდებოდა: არ მაკეთებინებდნენ შეცვლას. მსაჯს დავუძახე: “ასწიე ეს დროშა, ესეც “ფენერბახჩეს” თამაში ხომ არაა-მეთქი”. მიხვდნენ და აიტაცეს.
- თურქეთის სუპერლიგა და ჰოლანდიის ერედივიზიონი – რომელს უფრო მაღლა დააყენებდით დონით?
- ვფიქრობ, თურქეთის ჩემპიონატი სჯობს. წამყვანი გუნდები ჰოლანდიას არანაკლები ჰყავს, რაღაც სხვანაირი კლასიც აქვთ, მაგრამ საშუალოები თურქეთისა უკეთესია. კონკურენცია თურქეთში უფრო არის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.
- ისე, თურქეთში რატომ არ ჩანან ქართველი ფეხბურთელები? თუნდაც ახალგაზრდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად თამაშობდნენ.
- დრო იყო, საკმაოდ ვიყავით. ალბათ, აღარაა იმდენი ყურადღება. თანაც, ლიმიტია და თურქებს ურჩევნიათ, ბრაზილიელები, არგენტინელები და აფრიკელები ჩამოიყვანონ. დარჩა მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილი.
- ქართველი ფეხბურთელები ჭაბუკთა ასაკს რომ გადასცდებიან, ზრდას წყვეტენ – უკვე ძალიან გახშირდა ეს. რას იტყვით, მთავარი მიზეზები რა არის?
- ბევრი ფაქტორია. პირველი და მთავარი: საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონის, ეს ბიჭები რომ იქ განვითარდნენ. ახლა 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე რომ ითამაშეს, მათგან რამდენი იყო უგუნდოდ? 3 ბიჭი. ფაქტობრივად, მათ გასანვითარებლად გუნდი არ არის. დეფიციტია ამ მხრივ.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც: ყაზახეთთან თამაშს ნახავდით. ანგარიში გასაგებია და თამაშის ხარისხზე რას იტყვით?
- თამაში კარგი იყო, შეტევაზე ორიენტირებული თამაშობდა ნაკრები. მაგრამ შედეგი... ყველა ასე უყურებს, რომ ჯერ შედეგია და მერე თამაში. როცა ორივე ერთადაა, ამას რა სჯობს.
- დაბოლოს ერთი კითხვა. ნაკრებს ამჟამად ჰყავს მწვრთნელი, მაგრამ თუ ფიქრობთ თუნდაც მომავალში ნაკრების გაწვრთნაზე?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ.
- რატომ?
- ყველაზე რთული პროფესიაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. მინისტრობაზე რთულიც...