ინტერვიუები

19:24 | 28.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ქეცბაიამ იცის - საქართველო არაა ის გუნდი, გაუშვას და მერე სამი გაიტანოს”

როგორია შოთა არველაძის თვალით დანახული საქართველო-ხორვატიის 26 მარტის მატჩი? “ჯვაროსნების” ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელმა და ბომბარდირმა თურქეთში, თავის სახლში უყურა ამ თამაშს და “მსოფლიო სპორტს” უთხრა, ცოტაღა დამაკლდა და ნერვიულობისგან საავადმყოფოში წასაყვანი გავხდებოდიო.
შოთა ყოველთვის საინტერესო რესპოდენტია. რა თქმა უნდა, ინტერვიუ მხოლოდ სანაკრებო თემას არ შეხებია, თავიდან “კაისერისპორზე” ვისაუბრეთ – არველაძის გუნდს ბოლო პერიოდში აშკარად გაუუარესდა შედეგი და მე-5 ადგილზე დაქვეითდა, რასაც 38 წლის ქართველი სპეციალისტი ლოგიკურ ახსნას უძებნის:
- ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი. ფეხბურთელები წავიდნენ, ტრავმებია გუნდში და პლუს, მსაჯებმა გაგვაწამეს. არ ვამბობ, რომ მსაჯები სპეციალურად მოქმედებენ ასე, მაგრამ ფაქტია, მარტო ბოლო ტურებში ჩვენს კარში ორი გოლი გავიდა და ორივე თამაშგარედან, ხოლო ჩვენ ორი ნაღდი გოლი შევაგდეთ და ორივე გაგვიუქმეს. პირველ წრეშიც დავიჩაგრეთ, მაგრამ მაშინ ყველანაირად თავს ვიკავებდი ამაზე საუბრისგან. ბოლო დროს მეტისმეტი მოხდა.
- ვიცით, რომ არ აჭარბებთ. თურქულ პრესაშიც არაერთხელ დაიწერა “კაისერისპორის” მიმართ ცუდად მსაჯობის შესახებ. და რატომ ხდება ასე?
- არ ვიცი. ვერ ვიტყვი, ეს სპეციალურად ხდება-მეთქი. ფაქტია, 9-10 ქულა მსაჯების შეცდომების გამო გვაქვს დაკარგული.
- ფეხბურთელთა ტრავმები და გუნდიდან წასვლა ახსენეთ. ამისულაშვილის გარდა, ვინ დაგტოვათ?
- პარაგვაელი სანტანა დიდი ხნის ტრავმირებულია. ამისულაშვილის გარდა, ურუგვაელი მარსელო სალაიეტა წავიდა. უფრო სწორად, კონტრაქტი გავუწყვიტეთ.
- რატომ?
- ოჯახური პრობლემები ჰქონდა. აქეთ-იქით მგზავრობასა და გუნდიდან შორს ყოფნას, სჯობდა, კონტრაქტი გაგვეწყვიტა. ვერ ეხმარებოდა “კაისერისპორს”, სალაიეტას გუნდში დატოვებას აზრი აღარ ჰქონდა.
- და მაინც, ევროპის ლიგაზე გასვლის კარგი შანსი გაქვთ.
- მიზანიც ესაა. ჩემპიონატის ბოლოს ვნახავთ. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო... თასიდან გავვარდით, ამიტომაც მეოთხე ადგილზე გასვლით ვინაღდებთ ევროპის ლიგის საგზურს. შესაძლოა, მეხუთეზე გასულიც მოხვდეს ევროპაზე. ვნახოთ...
- მართალია, ახლა სატრანსფერო პერიოდი არაა, მაგრამ საზაფხულოდ ხომ არ აპირებთ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის “კაისერისპორში” წაყვანას?
- ჯერ არ განიხილება. ერთმა ქართველმა უკვე მიმატოვა.
- ნაწყენი ხართ ამისულაშვილზე?
- დიახ, ნაწყენი ვარ.
- ალბათ, იმის გამო, რომ თურქეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ წავიდა?
- რა თქმა უნდა. თვითონ ამისულაშვილმაც კარგად იცის, რატომ ვარ ნაწყენი.
- გასაგებია. ახლა საქართველოს ნაკრებზე და კერძოდ, ხორვატიასთან მატჩზე. სად უყურეთ თამაშს და რა გრძნობა გქონდათ, როცა მსაჯმა შეხვედრა დაამთავრა?
- თბილისში ჩამოსვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. სახლში ვუყურე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ბოლო წუთებში ლამის ტელევიზორში შევძვერი, ვყვიროდი, ვიცინოდი და რას ვაკეთებდი, ზუსტად აღარც მახსოვს. მსაჯს ცოტა კიდევ რომ დაემატებინა, ალბათ, საავადმყოფოში წასაყვანი გავხდებოდი. შემდეგ ღამე თემურ ქეცბაის დავურეკე, დიდხანს ვილაპარაკეთ.
- უშუალოდ თამაშის შეფასება? მაინც, რის ხარჯზე მოიგო საქართველოს ნაკრებმა?
- ჯერ გავიხსენოთ, რა მომენტები ჰქონდა ხორვატიას? მხოლოდ მოძრაობაში გვაჯობეს, რადგან ჩვენზე ტექნიკურები არიან. 100 კი არა, 60-პროცენტიანი მომენტიც არ ჰქონიათ, კუთხურებით და შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ გატანას. ქეცბაიამ ტაქტიკურად მოუგო თამაში ბილიჩს. ჯერ მარტო შეცვლები ავიღოთ, სამივემ გაამართლა და თანაც, დროული იყო. პლუს, ქეცბაიამ აირჩია სწორი გზა – რა ფეხბურთელებიც გვყავს, იმის შესაბამის ფეხბურთს ათამაშებს. საქართველოს ნაკრები ისეთი არაა, ერთი გოლი გაუშვას და მერე სამი თვითონ გაიტანოს. ეს ქეცბაიამ მშვენივრად იცის.
- ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას და ბოლომდე კონცენტრაციას, მითუმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში თითქმის ყველა გუნდთან შეიძლება შედეგის მიღწევა.
- ეს თავისთავად. თავდაჯერება, ცოტა იღბალიც და ხომ ვხედავთ, ხორვატიაც არ ყოფილა დაუმარცხებელი. ქეცბაია სწორად მუშაობს – ვიღაცა ფეხს ითრევს ნაკრებში ჩამოსვლაზე? ნუ ჩამოვა. პასპორტის და ვიზის გაუთავებელი პრობლემაა? კარგად იყავი. სათქმელად ადვილია და გასაკეთებლად ძნელია, რაც ქეცბაიამ დანერგა. დღეს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს ერთმანეთს. პასებში წუნი და ბურთის დაკარგვა იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც იმ ფეხბურთელზე გადატყდეს ჯოხი, შეცდომის გამოსწორებისთვის სხვა ფეხბურთელები მზად არიან. არცერთი მოთამაშე არაა მეორეზე 10 თავით მაღლა, ესაა ნამდვილი გუნდი.
- თქვენივე სიტყვებით, ხორვატიასთან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა გაგიჭირდებათ.  
- ვერავის გამოვყოფ, ყველამ იცოდა თავისი საქმე. ნაკრები მშვენივრად იყო მომზადებული. დაცვამ განსაკუთრებით იმუშავა, მეკარეც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმაც აშკარად გააძლიერეს თამაში.
- რეალურად, შეუძლია საქართველოს ნაკრებს კიდევ მოუმატოს თამაშს? უპირველესად, შეტევას ვგულისხმობთ.
- სავარაუდოდ, ხორვატიასთან თამაშის შემდეგ, საქართველოსთან ყველა გუნდი იფრთხილებს. და რა თქმა უნდა, შეტევაზე თამაშის საშუალება უფრო მეტად მოგვეცემა. პლუს, გვყავს კიდევ ორი-სამი ფეხბურთელი, რომლებსაც ნაკრების გაძლიერება შეუძლიათ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, მნიშვნელობა არ აქვს, როდის გავა საქართველო ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე, მთავარია, წინ ვიაროთ-მეთქი. მიხარია, რომ ასეც ხდება.

 

ილია ნანობაშვილი

0.117263