საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროს საუკეთესო მეგოლემ და თურქული “კაისერისპორის” მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ sports.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზეა საუბარი. უპირველესად რაც რუსებს აინტერესებთ, მათი ნაკრების თავკაც დიკ ადვოკაატზე შოთას მონაყოლი (ტყუპისცალი ხომ ბოლოს ადვოკაატის თანაშემწე იყო ჰოლანდიის “ალკმაარში”), ასევე “კაისერისპორი”, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალი, საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელი თემურ ქეცბაია...
და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო: არველაძე საქართველოს
ისტორიიდან მნიშვნელოვან ფაქტებს ახსენებს რუს მასმედიელს.
- დიკ ადვოკაატზე მოგვიყევით.
- მასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მთავარი, რაც დიკის მუშაობაში მომწონს, კოლექტიურობაა. ამასთან, ძალიან თავაზიანია. მართალია, ჩვენ არათავაზიანობის საბაბს არ ვაძლევდით, მაგრამ მაინც – ძალიან უყვარდა კოლეგებთან ერთად მუშაობა.
- ადვოკაატისგან რაღაცეებს ისწავლიდით. მაინც?
- ყველამ იცის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ხალხთან ურთიერთობისას არასოდეს თამაშობს. თუ გეკონტაქტება, ესე იგი, შენი სჯერა. როგორც ახალგაზრდა მწვრთნელს, დიკის ეს თვისებები ძალიან დამეხმარა.
- ადვოკაატი ნებისმიერ გუნდში მისვლისას პირველად დისციპლინას ამყარებს – ასეა, ხომ?
- ჯერ ვთქვათ, რას ნიშნავს დისციპლინა. მაგალითად, “ალკმაარში” არიმ ავტობუსზე დააგვიანა. დიკმა თქვა, ხუთ საათზე გავდივართო. გახდა ხუთი და არი არ ჩანს. ადვოკაატმა თქვა: “არ არის - ნუ არის. მოვილაპარაკეთ, დანარჩენი კი არ მაინტერესებს”. ავტობუსი დაიძრა და ვხედავთ, არი მორბის. ათი წამი დააგვიანა, მაგრამ დიკმა ავტობუსი არ გააჩერებინა. საბედნიეროდ, არცთუ შორს მივდიოდით, ჰოსპიტალში ბავშვები უნდა გვენახულა. არიმ თავისი მანქანა დაქოქა და დაგვეწია. მაგალითად, ადრე “სპარტაკმა” ბესკოვს არ დაუცადა. ეს ვუთხარი კიდეც დიკს.
- როდესაც ადვოკაატი “ზენიტში” მუშაობდა, რუსეთში ყველა დარწმუნდა: შეცვლების გაკეთება საერთოდ არ იცის.
- იცით, ერთხელ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი მიხეილ ყაველაშვილთან ერთად. მე თან ვთამაშობდი, ყაველაშვილი კი სკამიდან ხელმძღვანელობდა. ეს იყო ივო შუშაკის მწვრთნელობის შემდეგ. ხორვატი წავიდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ კი ითხოვა, ყაველაშვილმა სკამიდან იმუშაოს, შოთა კი მინდორზე იყოს მოთამაშე მწვრთნელადო. ეს მოხდა ალბანეთთან ზედიზედ გამართულ მატჩებში, რომელიც ჯერ შენ ვითამაშეთ, მერე კი სტუმრად. ორივეჯერ უნდა მოგვეგო, რათა ევრო-2004-ზე გასვლის შანსი დაგვრჩენოდა. მაშინ რუსეთიც გვყავდა ჯგუფში. და აი, ალბანეთს შინ 3:0 ვუგებთ პირველი ტაიმის მერე. შესვენებაზე გასახდელში ყაველაშვილს ვეუბნები: “მიშა, უკვე 3:0-ია, გავაკეთოთ შეცვლები? ითამაშონ სხვა ბიჭებმაც”. შეცვლები განხორციელდა, მაგრამ ერთი ფეხბურთელი დაგვემტვრა და 10 კაცით მოგვიწია თამაში. მაინც მოვიგეთ 3:0. მერე კი ალბანეთში წავედით და შესვენების შემდეგ უგოლო ფრეა. პრინციპში, ნორმალურად ვთამაშობდით. შევედით გასახდელში და იქ გიო ქინქლაძე ზის, რომელიც სათადარიგოა. “აბა, გიო ხომ არ გამოვიყვანოთ?” – ვიკითხე და ქინქლაძე მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჩაერთო თამაშში. მოკლედ, სამი ცვლილება გაკეთდა და სამივე შეტევაზე ორიენტირებული. 1:3 წავაგეთ. მაშინ მივხვდი და მერე “ალკმაარში” დავრწმუნდი: არ შეიძლება შეცვლა მხოლოდ იმისთვის, ვინმეს არ ეწყინოსო. შეცვლა უნდა გაკეთდეს საჭიროების შემთხვევაში. და ადვოკაატს თუ კარგად მისდიოდა საქმე, რატომ უნდა შეეცვალა რამე?
- ადვოკაატს ბელგიაში დღესაც ლანძღავენ, როგორ მიატოვა ჩვენი ნაკრებიო. ჰოლანდიაში როგორაა საქმე, აპატიეს დიკს?
- ბევრი არ წამიკითხავს, მხოლოდ რამდენიმე ტელეგადაცემას ვუყურე. ამა თუ იმ მწვრთნელის წნეხში მოქცევა ჰოლანდიელ ჟურნალისტებსაც უყვართ, მაგრამ გამოჩნდა ხალხი, რომლებმაც იქით შეუტიეს, ადვოკაატს სადაც სურდა იქ წავიდა და მისი ნებააო. პრინციპში, როდესაც დიკი ბელგიელებთან კონტრაქტს მარჯვენა ხელით აწერდა, მარცხენათი ბიბლია როდი ეჭირა... მწვრთნელს გაუჩნდა შანსი და სურს, რომ კარიერაში უფრო მეტს მიაღწიოს. ეს ცხოვრებაა. ვფიქრობ, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკეთ უნდა გაეაზრებინა, როცა ადვოკაატთან კონტრაქტს აფორმებდა. ის არის მოთხოვნადი მწვრთნელი. ბიზნესი ბიზნესია, ფული დიდ როლს თამაშობს ფეხბურთში.
- მართალია, რომ ადვოკაატი რუსეთის ნაკრებში ასისტენტად გეპატიჟებოდათ?
- სასხვათაშორისოდ ითქვა, სერიოზულად კი არ განგვიხილია. “ალკმართან” ერთი წელი დამრჩა კონტრაქტი და თურქეთიდან კარგი წინადადება მაქვს. ასე რომ, რუსეთის ვარიანტზე მოლაპარაკებები არც კი ყოფილა.
- “კაისერისპორის” თავკაცად დანიშვნა უკვე უნდა მო-გილოცოთ?
- მთლად ასეც არაა. კონტრაქტი არ გამიფორმებია. რაღაც დეტალები დარჩა, რაზეც ჯერ ვერ შევთანხმდით. ასე რომ, ჯერ კიდევ შეიძლება, ჩემი “კაისერისპორში” გადასვლა ჩაიშალოს. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, 22 მაისს მადრიდში ვიქნები და ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავესწრები. მერე კი მივდივარ კიევში, სადაც პრო-ლიცენზიის სამწვრთნელო კურსებს დავიწყებ. პრო-ლიცენზიის გარეშე მთავარმწვრთნელობა როგორ წარმოგიდგენიათ? ბევრ ქვეყანაში პრო აუცილებელია. ისე კი, თურქეთში ა ლიცენზიაც კმარა.
- ლიგის ფინალში “ბაიერნს” გულშემატკივრობთ?
- “ბაიერნის” გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ლუის ვან გაალს ვქომაგობ. მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს – შემიძლია ვთქვა, რომ ვმეგობრობთ. ამასთან, ვან გაალის ხელში “ბაიერნი” ისეთ ფეხბურთს თამაშობს, მგონი საერთოდ რომ არ უჩვენებია. “ბაიერნი” ადრეც კარგად თამაშობდა, იგებდა, მაგრამ მათი შესრულებით ასეთი ფეხბურთი რაღაც არ მახსენდება.
- ამბობენ, ვან გაალი “ალკმაარიდან” რომ წავიდა, სურვილი გამოთქვა, ჩემი შემცვლელი შოთა არველაძე იყოსო. თუმცა ისიც თქვეს, შოთამ იუარაო.
- არა, ნამდვილად არ მითქვამს უარი. ვან გაალს შეეკითხნენ და მანაც ჩემზე თქვა, “ალკმაარს” ამ ეტაპზე ყველაზე კარგად შოთა გაუძღვებაო. თუმცა საქმე აქამდე არ მივიდა, ვერ გარისკეს და ლოგიკაც მესმის: ადამიანმა მხოლოდ ერთი წელი იმუშავა ასისტენტად და ეგრევე მთავარ მწვრთნელად დააყენო? თან ჩემპიონთა ლიგა გველოდა.
- ცოტა უცნაურია, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად თურქებმა დაგიძახეს და არა ჰოლანდიელებმა. როგორ გამოჩნდა “კაისერისპორის” ვარიანტი?
- “კაისერისპორის” ტექნიკურ დირექტორად ჩემი მეგობარი მუშაობს, რომელიც წყვეტს კიდეც მწვრთნელის საკითხს. ამ პიროვნებას 20 წელია ვიცნობ. კიდევ, “კაისერისპორში” ბოლოს მწვრთნელად მუშაობდა თულუნაი ქაფქასი, რომელიც “ტრაბზონსპორში” ჩემთან ერთად თამაშობდა. თულუნაიმ კონტრაქტი არ გააგრძელა კლუბთან და ხელმძღვანელობამ ყველაფერი რომ გაანალიზა, გადაწყვიტა, არჩევანი ჩემზე შეეჩერებინა.
- თქვენმა მეგობარმა თემურ ქეცბაიამ შარშანწინ ხმაურიანი სენსაცია მოახინა კვიპროსულ “ანორთოსისში” მუშაობისას. შარშან კი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” დანიშნეს, მაგრამ მალევე მოხსნეს. რატომ?
- ეს ბერძნებს უნდა ჰკითხოთ. თემურს თითქმის 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა “ოლიმპიაკოსში”, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ოთხივე მატჩი მოიგო და საბერძნეთის ჩემპიონატშიც წარმატებული თამაშები მიაყოლა, მერე კი იყო ფრე. თანაც, ქეცბაიას ხელში “ოლიმპიაკოსს” გოლი არ გაუშვია. იმ დროს თემურს გუნდში ჰყავდა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი, რომლებსაც ლამაზი თამაში შეუძლიათ. პრესკონფერენციაზე ჩემს თანამემამულეს უთხრეს: “იგებ, მაგრამ სანახაობრივ ფეხბურთს ვერ თამაშობთ”. ქეცბაია საბერძნეთში ყველას იცნობს და ასე უპასუხა: “და თქვენ როდის თამაშობდით სანახაობრივ ფეხბურთს? გაიხსენეთ”. თემური ემოციური ადამიანია და ბერძნებიც ასეთები არიან. შესაძლოა, მწვრთნელს უფრო დიპლომატიურად უნდა ეპასუხა. და ამის შემდეგ გულშემატკივრებმა ქეცბაია აითვალწუნეს, “ოლიმპიაკოსს” 24 ფან-კლუბი ჰყავს და დაიწყეს მწვრთნელის წინააღმდეგ ბრძოლა. კლუბის პრეზიდენტთან მივიდნენ და...
- ქეცბაია ძალიან განიცდიდა ამ ამბავს?
- ჩემპიონთა ლიგაში “ალკმაარი” ათენში “ოლიმპიაკოსს” ხვდებოდა და იქ ჩასვლისას ბერძნებმა მითხრეს, რომ დილით ქეცბაია მოხსნეს. არადა, ერთი დღით ადრე თემურს ველაპარაკე და შევთანხმდით, რომ მატჩის შემდეგ ერთმანეთს ვნახავდით. მატჩის შემდეგ და არა – მანამდე. თუმცა ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე დავურეკე და მითხრა: “ჭკუაზე გადამიყვანეს. კლუბის პრეზიდენტმა დამიძახა და მითხრა, ბრწყინვალე შედეგი გაქვს, მაგრამ შენს გამო გულშემატკივრებთან პრობლემები მექმნებაო”. ასე რომ, ქართული სამწვრთნელო დერბი არ შედგა.
- ახლა კი ქეცბაია საქარ¬თველოს ნაკრებს წვრთნის. გეიმედებათ მისი?
- მეიმედება! საერთოდ, ფეხბურთში ყველაფერი ცუდის ერთ კაცზე გადაბრალება ადვილია. იტყვი, ჰიდინკი, ტოპმიოლერი ან კუპერია დამნაშავეო და მორჩა. უბრალოდ, მე წინაამღდეგი ვარ, როცა უცხოელი მწვრთნელი მოდის და ამბობს, ფეხბურთელების მენტალიტეტი უნდა შევცვალოო. არასწორია. ამ დროს მწვრთნელს კონტრაქტი უნდა დაურღვიო და უთხრა: “დიდი მადლობა, კარგად იყავით”. საქართველო 300 წელი მონღოლების (`ცოტა არ იყოს~ გადაჭარბებულია _ რედ.), 150 წელი კი თურქების მიერ იყო დაპყრობილი. მერე იყო რუსეთის იმპერია, რასაც მოჰყვა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი ვერავინ ვერ შეცვალა. რაც ვართ, ეს ვართ. ასე რომ, ორი კვირით ადრე რომ ჩამოდიხარ ნაკრების გასაწვრთნელად, რაღაცის შეცვლაზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ შენს ხელთ არსებულს უნდა მიხედო და იმუშაო. მე ვერავინ შემცვლის, რადგან სისხლში მაქვს გამჯდარი თვისებები. როგორ, ჰიდინკმა თქვენთან მენტალიტეტი შეცვალა? ან სამხრეთ კორეაში დასჭირდა შეცვლა? ყველა ამბობს, აი ქართველები, ქართველები... მაშინ როგორ ხდებიან ქართველები ოლიმპიური ჩემპიონები?
მოამზადა ილია ნანობაშვილმა