შოთა არველაძე თურქეთის ეროვნული ნაკრების თავკაცად? რამდენიმე თურქულმა წყარომ დაწერა, გუს ჰიდინკის სავარაუდო შემცვლელთა სიაში შოთაც ფიგურირებსო. მითუმეტეს, იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ნაკრებს ისეთ კაცს ჩააბარებს, რომელიც თურქული თამაშის სპეციფიკას და ფეხბურთელებს კარგად იცნობს. “ქაისერისფორის” ქართველი მწვრთნელი კი სწორედ ასეთია.
“არარეალურია. გუშინაც მკითხეს თურქმა ჟურნალისტებმა ამის შესახებ. ჩემ მიმართ ინტერესი რომ არის, ეს მსიამოვნებს, თუმცა თურქეთის ნაკრების ჩაბარებისთვის უფრო მეტი სამწვრთნელო გამოცდილებაა საჭირო. ეგეც არ იყოს, თითქმის გადაწყვეტილია, ვინც შეცვლის ჰიდინკს: “ისთანბულსფორის” მწვრთნელი აბდულა ავჩი” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” შოთა არველაძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს სხვა თემებზეც ვესაუბრეთ: “ქაისერისფორზე” და რა თქმა უნდა, “ჯვაროსნების” ბოლო მატჩზე.
- ჰიდინკმა თურქულ კლუბებს უსაყვედურა, ლეგიონერებზე რომ აკეთებთ აქცენტს, თურქი ფეხბურთელები იჩრდილებიანო. თქვენზეც ჰქონდა პრეტენზია?
- პირიქით, ჩემით ძალიან კმაყოფილი იყო. ორი ფეხბურთელი “მივეცი” ჰიდინკის ნაკრებს და მთლიანობაში, თურქეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში “ქაისერისფორის” 12 მოთამაშეა.
- რეპუტაციითა და გამოცდილებით, ჰიდინკი მსოფლიოს ათ საუკეთესო მწვრთნელს შორისაა. უცნაური არაა, რომ თურქეთის ნაკრებში წარმატებას ვერ მიაღწია?
- აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები ჰყავდა. მარტო გერმანიაც კმარა. მეორეზე გავიდნენ და პლეი ოფში მოხვდნენ, მაგრამ ხორვატებთან ვერაფერი გააწყვეს. ხორვატიას თურქეთში განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, მაგრამ 3:0 მოიგო. ვერ გეტყვით, ალბათ, რაღაც ვერ აეწყო.
- როგორ შესაფასებდით “ქაისერისფორისთვის” მიმდინარე სეზონს?
- უკეთესად შეგვიძლია. ამგვარი შედეგი ჩვენ გეგმებში არ შედის.
- გასულ სეზონში გუნდს ტრავმების ეპიდემია ჰქონდა და ამან შეგიშალათ ხელი. ახლა კიდევ არის ეს პრობლემა?
- არა, ტრავმებს ვერ დავაბრალებ. ერთადერთი, არგენტინელი დარიო კანგელეა დაშავებული. ჯერ არავინ იცის, რა მოხდება ჩემპიონატში. შარშანდელი სკანდალური ამბების გამო, შესაძლოა, გუნდები დასაჯონ და ქვედა ლიგაში ჩაუშვან.
- გასაგებია. რამდენადაც ვიცით, “ქაისერისფორზე” არავის აქვს პრეტენზია.
- ჩვენ არაფერი გვემუქრება.
- საქართველო-მოლდოვას ამხანაგურ მატჩს ნახავდით. რას იტყვით?
- ცუდად არ უთამაშია ნაკრებს. ამდენი წარუმატებელი შედეგის შემდეგ, მოგება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც იყო სასარგებლო. ნაკრებში ახალი ათვლის ეტაპი დგება, აგერ, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და ვფიქრობ, ახალწვეულებმა კარგად წარმოაჩინეს თავი.
- უშუალოდ სათამაშო კუთხით რა სიახლეები დაინახეთ?
- რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია, ის დავინახე. ბევრი არ იყო უკან პასი, გრძელი და უაზრო გადაკიდვები. აი, თავდამსხმაში კვლავაც პრობლემაა და კიდევ, იმედია, ჯანო ანანიძე უკეთ ათამაშდება. ამჯერად გასაგებია, რადგან დრო გაუცდა და ფორმაში ვერ იყო.
- თავდამსხმის პრობლემა ხომ "ქრისტეს პერანგად" იქცა...
- როგორმე მოევლება. ასე იყო მეკარეებშიც, მაგრამ ახლა აღარავინ ამბობს, მეკარე არ გვყავსო. თავდამსხმელებიც წამოვლენ. მთავარია, ერთი კი არა, ორი-სამი მაინც იყოს, რათა არჩევანის საშუალება გვქონდეს. გამიხარდა, რომ 19-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი კარგი თამაში აჩვენა თურქეთში.
- უყურეთ ამ მატჩებს?
- სამწუხაროდ, ვერა. არცერთი ტელევიზია არ აჩვენებდა. თურქეთსაც აჯობეს და პოლონეთსაც. თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი თოლუნაი ქაფქასი ჩემი მეგობარია და მითხრა, ძალიან მომეწონა ქართველების თამაშიო.
- ხომ არაა მოსალოდნელი, ზურაბ ხიზანიშვილს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდეს ზამთარში?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით. ვფიქრობ – ვინ?
- ისე, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები თურქეთის სუპერლიგაში დამკვიდრდებიან? თუ ძალიან გაუჭირდებათ?
- როდესაც უცხოელი მოგყავს, ადგილობრივზე ძლიერი უნდა იყოს. რაღაც უნდა შემატოს გუნდს. მარტო ის არაა, მოიყვანო და უბრალოდ, ითამაშოს. იმას არ ვამბობ, საქართველოს ჩემპიონატიდან წამოსული კაცი აქ დაიკარგება-მეთქი, მაგრამ ისეთს ვერ ვხედავ, რაღაც განსაკუთრებული შემატოს... თანაც, როცა ქართველი მოგყავს, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია.
- ანუ, ეჭვით შეგხედავენ, აი, არველაძემ ქართველი მოიყვანაო?
- არა, სხვები არ შეხედავენ ეჭვით, მაგრამ ჩემი მხრიდან ვამბობ – უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქართველის მოყვანისას, ვიდრე ვთქვათ, ნიგერიელისას.
ილია ნანობაშვილი