უცაბედი სიხარულის შემდეგ განსაკუთრებით ძნელია ნეგატიურთან შეჩვევა. სწორედ ასეთი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის განვლილი ევროშესარჩევი ციკლი – აქ იმას ვგულისხმობთ, რომ ევროშესარჩევის 5 მატჩის შემდეგ ნაკრებს 9 ქულა ჰქონდა და რატომ არ უნდა ეფიქრა ფინალურ ეტაპზე გასვლაზე? სამწუხაროდ, ციკლის მეორე ნახევარში თემურ ქეცბაიას გუნდმა მხოლოდ ქულა აიღო.
როგორია ეროვნული ნაკრები შოთა არველაძის თვალით? “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირსა და ამჟამად “ქაისერისფორის” მწვრთნელს თურქეთში დაუკავშირდა. სანაკრებო თემამდე კი მისი გუნდის ამბებს შევეხეთ:
- “ქაისერისფორმა” ცუდად დაიწყო თურქეთის სუპერლიგა...
- თავიდან სამი მატჩი მართლაც ვერ გამოგვივიდა, თუმცა თანდათან ვუმატებთ.
- მაინც საკმაოდ ჩამორჩით ლიდერთა ჯგუფს და მიზნის შესრულება (ევროტურნირებზე გასვლა) ძალიან გაგიძნელდებათ?
- ძალიან დიდი განსხვავებაც არაა ქულებში. თან, ამ სეზონში ხომ სისტემა შეიცვალა და 8 საუკეთესო ცალკე აგრძელებს ერთმანეთში თამაშს. ასე რომ, ჯერ დროა.
- ზურაბ ხიზანიშვილი როგორ შეეწყო გუნდს?
- ერთ-ერთი საუკეთესოა.
- ისევ ის “ხიზანაა”, როგორიც “ბლექბერნში” იყო საუკეთესო პერიოდისას?
- დიახ. და ჩემი აზრით, “ხიზანა” ნაკრებშიც საუკეთესო იყო გასულ შესარჩევში.
- საქართველოს ნაკრებზე გკითხავთ. თქვენი აზრით, რა არის შედეგის ასე გაუარესების მიზეზი?
- არ მესმის, რატომ შეიქმნა ასეთი სამგლოვიარო სიტუაცია. ბარემ, შავი ლენტი გავიკეთოთ და ისე ვიაროთ. რატომღაც საქართველოში სულ ისე ხდება, რომ თუ რაღაც თამაშს მოვიგებთ, მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ხოლო თუ წავაგებთ, არიქა, ფეხბურთი ავკრძალოთ... ნორმალური ანალიზი არ შეიძლება?
- გეთანხმებით, რომ რადიკალიზმი არ შეიძლება. და მაინც, საინტერესოა, რაში ხედავთ სიტუაციის გაუარესების მიზეზებს?
- ბევრ რამეში, მაგრამ მითხარით, რატომ ვერ გაიტანა ნაკრებმა ლატვიასთან ერთი გოლი მაინც? ამდენი საგოლე მომენტი გაფუჭდა. სწორედ ლატვიასთან წაგების გამო ვერ მოვიგეთ მალტასთან და საბერძნეთმაც რა, შეტევებით აგვიკლო? რით მოგვიგო? ცალკე იღბალი, ცალკე თარგამაძის დამტვრევა. ან საიდან ის აზრი, რომ კალაძე და სხვა “ბებრები” თუ წავლენ ნაკრებიდან, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო. რას ვლაპარაკობთ, ხალხო?
- არ ვიცით, ეგ თემა საიდან წამოვიდა...
- მაგრამ ხომ წამოვიდა? ესე იგი, ვიღაცამ თქვა. კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, ხიზანიშვილი და ამისულაშვილი თუ წავლენ, პირდაპირ გეუბნებით, ნაკრები 0:4-ს და 0:5-ს წააგებს. კალაძე სერია ა-ს სიმბოლურებში ხვდება. როგორ, საბერძნეთი ათამაშებს კარაგუნისს და ჩვენ კალაძე არ უნდა ვათამაშოთ? რითია კალაძე კარაგუნისზე ნაკლები? ცოტა რეალურად შევხედოთ. რაც შეეხება შედეგის გაუარესების მიზეზებს, ეს ფსიქოლოგიური მომენტია. კარგად დავიწყეთ შესარჩევი და მერე პირველმა წაგებამ ცუდად იმოქმედა. კიდევ ვიმეორებ, ერთი გოლი მაინც გაეტანათ ლატვიასთან. მე არ ვარ ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ქეცბაიას მდგომარეობაში შევდივარ. უბრალოდ, მისი პოზიცია მიკვირს, რომ უფრო მკაცრად არ ამბობს.
- რას არ ამბობს მკაცრად?
- უნდა თქვას - მე ვარ აქ და მე ვწყვეტ, როგორც ვფიქრობ, ისე იქნება. ეს იმ დროს, როცა კალაძის თუ კობიაშვილის გაშვებაზე იწყება ლაპარაკი. ვიცი, თემური ემოციური კაცია და ამის გამო შეიძლება პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ალალია. ქეცბაია არ პოზირებს.
- ნაკრების გაახალგაზრდავება გაგვიგია, თუმცა ეს ხელოვნურად არსად ხდება. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თამაშში რაღაც უნდა შეიცვალოს.
- რომელ გაახალგაზრდავებაზე ვლაპარაკობთ, როცა საუკეთესოები ისევ კალაძე, “კობი” და მისი თაობის ფეხბურთელები არიან. ახალგაზრდები გვსურს? ხომ არიან კიდეც ასეთები. აი, მაგალითად ქეცბაიამ დააყენა თარგამაძე. რატომ არავის გასჩენია პრეტენზია? მეკარეც ახალგაზრდა გვყვავს. არც მის მიმართაა პრეტენზიები. იმიტომ, რომ კარგად თამაშობს. თავის დროზე ყენია რომ დააყენა ტოპმიოლერმა, იმსახურებდა ის ბავშვი და იმიტომ ენდო. გაამართლა კიდეც. ახლა დავაყენოთ ვინმე ახალგაზრდა და დაველოდოთ? მე რომ ჭანტურია არ მომწონდეს, ფეხბურთში რა მინდა... ასეთები ფეხბურთს ალამაზებენ. აქვთ ნიჭი, შეუძლიათ კაცის მოტყუება, განსაკუთრებულის შექმნა იციან. მაგრამ ჭანტურიას აქვს სხვა პრობლემები, რასაც თუ მოიშორებს, მშვენიერი იქნება. რაც შეეხება ნაკრების თამაშში ცვლილებებს - რა თქმა უნდა, კარგია, რომ ნაკრები ორგანიზებულად თამაშობს. რა ვთქვა, ალბათ, მეტი ინდივიდუალურობაა საჭირო და კიდევ, ქეცბაიას რაშიც ნამდვილად შევეკამათები - მცველს ნახევარდაცვაში არ დავაყენებდი. ამაზე მზად ვარ, ვეკამათო.
- ხიზანიშვილს გულისხმობთ. ისე, პარადოქსია, სანამ ხიზანიშვილი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, ნაკრები მაშინ უფრო აჩვენებდა შედეგს.
- საუკეთესო ხარისხი, რომელიც ნაკრებმა აჩვენა, იყო პოლონეთში და შინ ლატვიასთან. არცერთ ამ შეხვედრაში მცველს ნახევარდაცვაში არ უთამაშია. დაცვა კარგია და ამის შეცვლა არ შეიძლება, სტატისტიკას გადავხედოთ. ამ შესარჩევში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა ნაკრებმა. წინ გვაქვს პრობლემები.
- თავდამსხმაში ვინ გესახებათ ოპტიმალურ ვარიანტად?
- არ ვიცი. ყველა გამოსცადა ქეცბაიამ. ვინღა დარჩა? სირაძე დააყენა, დვალიშვილი დააყენა, აგერ, ახლა მჭედლიძე დააყენა და ბიჭმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლა ითხოვა... ბოლოს და ბოლოს, მე ხომ არ დამაყენებს?
- თურქეთის სუპერლიგის რომელიმე გუნდი თუ თამაშობს ისეთ ჩაკეტილ ფეხბურთს, როგორც ამას საქართველოს ნაკრები ხშირად აკეთებს?
- ძალიან ბევრი. ნახევარზე მეტი.
- თბილისის “დინამოს” კრედო ყოველთვის შემტევი ფეხბურთი იყო. როცა თქვენ თამაშობდით, მაშინდელი “დინამო” და საქართველოს ნაკრებიც შეტევაზე ორიენტირებული გუნდები იყვნენ. ის კი არა, დაცვითი თამაში, მგონი, საერთოდ არ იცოდით. ასე რადიკალურად რატომ შეიცვალა სიტუაცია?
- მართალი ხართ. ზოგჯერ ორი ნომინალური მცველით ვთამაშობდით. ნემსაძე დაცვაში იყო ხოლმე. რეალობამ მოიტანა. საქართველოს ნაკრები არაა ის გუნდი, რომ სამი გოლი გაუშვას და ოთხი გაიტანოს. ასე იოლად არავინ შეგატევინებს. თანაც, გადავხედოთ შემადგენლობას – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები მცველები არიან. ჩემ დროს პირიქით იყო. საქართველოში 16000 ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, ჰოლანდიაში კი 60000. ვიძახოთ ახლა, რომ მინდვრები არ გვაქვს? ჩემს დროს საერთოდ არ იყო მინდვრები, ქუჩაში, დანგრეულ ასფალტზე ვთამაშობდით.
ილია ნანობაშვილი