ორიოდ თვის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების თავკაც გუს ჰიდინკის თანაშემწეობას ქართველ შოთა არველაძეს სთავაზობს. შემდეგ კი კიდევ ერთ თურქულ ვარიანტზე ითქვა: ტყუპისცალს იქაური სუპერლიგის მეშვიდეადგილოსანი “ქაისერისპორი” ეპატიჟება მთავარ მწვრთნელად. გეცოდინებათ, შოთა ამჟამად ჰოლანდიური “ალკმაარის” მესაჭე დიკ ადვოკაატის ასისტენტად მუშაობს და ცნობილია, რომ სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მის კანდიდატურასაც განიხილავენ.
და მაინც, რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი? “მსოფლიო სპორტი” შოთა არველაძეს ჰოლანდიაში დაუკავშირდა – საუბარი მხოლოდ მის პირად გეგმებზე არ ყოფილა, სხვა საინტერესოც ითქვა...
- თურქულ პრესაში ლამის ყოველდღე წერენ, “ქაისერისპორი” შოთა არველაძეს ეპატიჟება და ქართველიც არაა უარზეო...
- ამ დღეებში ჰოლანდიაში ჩამოვა “ქაისერისპორის” ხელმძღვანელობა და დავილაპარაკებთ.
- ჯერ არ გისაუბრიათ მათთან?
- მხოლოდ ტელეფონით.
- თურქეთის ნაკრებში მუშაობა უფრო მაცდური არაა?
- მაცდური კი არის, მაგრამ იქ თანაშემწეობაზეა ლაპარაკი, “ქაისერისპორი” კი მთავარ მწვრთნელად მეპატიჟება. თანაც, ჰიდინკისგან არაფერი ისმის...
- “ქაისერისპორის” ვარიანტი რამდენად მოგწონთ?
- კარგი გუნდია, ბოლო წლებში თურქეთის საუკეთესო კლუბებს “ეჭიდავება”, ახალი სტადიონი და მშვენიერი ბაზა აქვს. “ქაისერისპორისთვის” “დიახ” ჯერ არ მითქვამს, ჯერ უნდა მოვისმინო მათი წინადადება. ოჯახური მომენტიცაა – ბავშვები ჰოლანდიაში დადიან სკოლაში. მოკლედ, ჯერ არ ვიცი. ისე, “ალკმაართან” 2011 წლის ზაფხულში მიმთავრდება კონტრაქტი.
- როგორც შევიტყვეთ, ამ სეზონის ბოლოს “ალკმაარი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თქვენს კანდიდატურასაც განიხილავს. ამაზე რას იტყვით?
- მაინც ვთვლი, რომ ჩემთვის “ალკმაარის” თავკაცობა ნაადრევია. ამ გუნდის ათ ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი, მათთან ვმეგობრობ და ამდენად, გამიჭირდება.
- ანუ, საკმარისად მკაცრი ვერ იქნებით?
- ძნელია, შენს მეგობრებთან შეხვიდე და აბა, ჩქარა, ყველანი ადგილებზე და მკაცრი მითითებები... ცოტა დრო უნდა გავიდეს საამისოდ, რომ “ალკმაარის” მთავარ მწვრთნელად მუშაობა შევძლო.
- პრო-ლიცენზიას როდის იღებთ?
- მაისში ავიღებ, კიევში.
- “ალკმაარი” ბოლო პერიოდში მაგრად ათამაშდა და ცხრილის ზედა ნაწილში აინაცვლა. რის ხარჯზეა ასეთი პროგრესი?
- რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არაა – მწვრთნელების და ფეხბურთელების ნაყოფიერად მუშაობის შედეგია. ჩავარდნა დროებითი იყო, “ალკმაარი” ჰოლანდიაში თავისი პოტენციალით სწორედ მაღალ ადგილებზე უნდა იყოს.
- ამასობაში, “აიაქსს” ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა. რას იტყვით თქვენს ყოფილ კლუბზე – შეუძლია ამ “აიაქსს” ევროპაში ასე თუ ისე ხმაურიანად დაბრუნება?
- გამართულ და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ეგაა, ვარსკვლავი როგორც კი გამოჩნდება “აიაქსში”, მაშინვე მდიდარი კლუბები იტაცებენ. ესაა “აიაქსის” პრობლემა, თორემ აბა წარმოიდგინეთ, ვესლი სნეიდერი, რაიან ბაბელი, კლას-იან ჰუნტელაარი, რაფაელ ვან დერ ვაარტი და სხვები დღესაც რომ ჰყავდეს...
- დღევანდელ “აიაქსზე” კი ამბობენ, ერთი კაცის გუნდიაო... სწორია ასეთი შეფასება?
- ლუის სუარესი მართლაც ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ ერთი კაცის გუნდს მაინც ვერ დავარქმევდი.
- ჩემპიონთა ლიგაში ვის გულშემატკივრობთ და როგორია თქვენი პროგნოზი?
- ჯერ “ბარსელონაა” და მერე ყველა დანარჩენი. არა მარტო ლიგაში, მთლიანად საკლუბო ფეხბურთში დღეს ასეა – “ბარსელონა” განსაკუთრებულია. ერთადერთი, რომელსაც რეალურად მათი შეჩერება შეუძლია, “ინტერია”. ჩემი აზრი ასეთია. ისე, ლიგის ფინალზე დასწრება მინდა და “ბარსა” თუ ვერ გავიდა, არ წავალ. მეამაყება, რომ ასეთ გუნდში ჩემი ყოფილი თანაგუნდელები თამაშობენ: მაქსველი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
- თქვენი ფონდის საქმიანობაში რა სიახლეებია?
- ბოლო 10 დღე ნაკლებად მეცალა და ჩემი ძმები უფრო ზუსტად გეტყვიან ყველაფერს. ისე, ზაფხულში საინტერესო ბავშვთა ტურნირი გაიმართება, სადაც ქართველებიც ითამაშებენ. რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის ევროპულ კლუბებში სტაჟირებაზე მიდის მუშაობა, მაგრამ ჯერ გვარებს ვერ დავასახელებ. გამოვიდეს საქმე და შემდეგ ყველა შეიტყობს. ისე, საქართველოში მალე ჩამოვა ბავშვთა ჰოლანდიელი ფიზმომზადების მწვრთნელი - 4 დღე დარჩება თბილისში და კურსებს ჩაატარებს. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, წაადგება ქართულ ბავშვთა ფეხბურთს.
ილია ნანობაშვილი