ჭიდაობა

15:57 | 10.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

შეტყობინება ბუქარესტიდან – 16 მედალი

საქართველოს სამბისტთა ასაკობრივი ნაკრებები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 5-9 აპრილს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ. ევროპირველობის ოფიციალური სრული სტატისტიკა ჯერჯერობით არსად გავრცელებულა და რახან ამომწურავ ინფორმაციას ჯერ არც საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ფლობს, ჩვენი სამბისტების შედეგიანობის დასაზუსტებლად რამდენიმე სპორტული ვებგვერდის ინფორმაციების შეჯერება გახდა საჭირო.

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანის ცნობით, ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ერთობლივად 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჭაბუკთაგან ჩემპიონები გახდნენ ომარ ნიაზაშვილი (70 კგ), უშანგი მარგიანი (75 კგ) და ზაურ მამარდაშვილი (87 კგ), ხოლო ახალგაზრდული გუნდიდან შმაგი ლაგაზაური (62 კგ) და ამირან იანვარაშვილი (82 კგ). ჭაბუკთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ახალგაზრდული – მეორეზე.
უცხოური გამოცემების ცნობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრთაგან იოსებ მელაძე (52 კგ), ზაზა როსტომაშვილი (60 კგ), გიორგი კირკიტაშვილი (65 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+87 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. ლერი ბედიანიძე (48 კგ) და ჯონი ჭითანავა (84 კგ) ბრინჯაოს დასჯერდნენ. ახალგაზრდული გუნდიდან კი, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავთანდილ მზარეულაშვილი (48 კგ) და მიხეილ ჩოხელი (74 კგ) ავიდნენ, ხოლო მესამეზე - გიორგი მესაბლიშვილი (57 კგ) და ალექსანდრე მილდიანი (90 კგ).
ლიპარტელიანს სასიხარულო ამბავი ქართული დელეგაციის წევრებმა ტელეფონით აუწყეს. შემდეგ კი ბუქარესტიდან თბილისში ავტობუსით დაბრუნდნენ და... თერთმეტი ქართველი პრიზიორიდან ერთის ვინაობა ჯერაც გასარკვევია.
 
ოთო მაღლაკელიძე
 
0.115907