მას შემდეგ, რაც შვედმა ფორვარდმა ზალატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ “მილანთან” ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ის მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დღემდე სამი იტალიური გრანდის - “ინტერის”, “მილანისა” და იუვენტუსის” მაისური მოირგო.
პირველი ასეთი ფეხბურთელი ჯუზეპე მეაცა იყო, რომლის სახელსაც მილანის სტადიონი ატარებს. მეაცა მილანში გაიზარდა და “როსონერის” ბავშვობიდან გულშემატკივრობდა. მას შემდეგ, რაც ჯუზეპე მისთვის საყვარელ გუნდში ფეხბურთისთვის ზედმეტი წონის გამო დაიწუნეს, ის “ინტერში” გადავიდა და წარმოუდგენელი შედეგიანობა აჩვენა - 350 შეხვედრაში 247 გოლი გაიტანა. 1940 წელს მეაცამ “მილანის” მაისური მაინც მოირგო, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებით ვერ გამოირჩა და ორი სეზონის შემდეგ ტურინის “იუვენტუსს” მიაშურა. მოგვიანებით, მან “ვარეზესა” და “ატალანტას” შემადგენლობაში ითამაშა, საფეხბურთო კარიერა კი, 1947 წელს “ინტერში” დაასრულა, სადაც ბოლო ერთი სეზონი გაატარა.
ალდო სერენა, თავისი 16-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ოთხჯერ იცავდა “ინტერის” ღირსებას, ორჯერ “მილანის”, ერთხელ კი “იუვენტუსის” წარმატებისთვის იღვწოდა. საუკეთესო სეზონი მას 1989 წელს, “ინტერის” შემადგენლობაში ჰქონდა. 22 გატანილი გოლით, ის იმ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, “ნერაძურიმ” კი სკუდეტო მოიპოვა.
ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რობერტო ბაჯო, ტურინის “იუვენტუსში” 1990-დან 1995 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შემდეგი ორი სეზონი ბაჯომ “მილანში” გაატარა და ეს პერიოდი მისთვის და გუნდისთვის არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. პირველივე სეზონში, 1996 წელს, მილანელებმა “სკუდეტო” მოიპოვეს. 1998-2000 წლებში, ის მარჩელო ლიპის ხელმძღვანელობით “ინტერის” ღირსებას იცავდა, მაგრამ ეს პერიოდი მისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ჰოლანდიელი ედგარ დავიდსი, 1996-1997 წლებში “მილანის” რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა. ერთი წლის თავზე, მან ტურინის “იუვენტუსს” მიაშურა და მარჩელო ლიპის ხელმძღვანელობით, მისი აღმავლობა დაიწყო. იქ მან თავისი საუკეთესო თვისებები გამოვლინა, მერე ერთი სეზონი იჯარის წესით “ბარსელონაში” გაატარა, თავი იქაც არ შეირცხვინა, 2004 წელს კი, კონტრაქტი “ინტერთან” გააფორმა. წარმოშობით სურინამელმა დავიდსმა, “ნერაძურის” შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ერთი წლის შემდეგ ლონდონის “ტოტენჰემს” მიაშურა.
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ, 1996-1997 წლების სეზონი “იუვენტუსში” გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ტურინში გატარებული პერიოდი მის აქტივში ვერ ჩაიწერება. სამაგიეროდ, “ინტერში” გადასვლის შემდეგ, სადაც ექვსი წელი გაატარა (1999-2005 წლები), ის ნამდვილ გოლეადორად იქცა. ვიერიმ “მილანში” ცოტა ხნით ითამაშა და თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ პატრიკ ვიეირასთვის, ყველაზე წარმატებული ლონდონის “არსენალში” თამაში აღმოჩნდა, მაგრამ ბრიტანეთში გადაბარგებამდე, მან “მილანში” ერთი წარუმატებელი სეზონი გაატარა. 2005-2006 წლებში, ის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა, მაგრამ კორუფციული სკანდალის შემდეგ, რასაც “იუვენტუსის” სერია B-ში დაქვეითება მოყვა, ნახევარმცველმა “ინტერს” მიაშურა და “სკუდეტო” ოთხჯერ მოიპოვა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში 2004 წელს გამოჩნდა. ტანმაღალი შვედი “იუვენტუსმა” მიიწვია და მისი დიდი ხელშეწყობით, ტურინელებმა იტალიის ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს, თუმცა, მოგვიანობით კლუბი კორუფციულ სკანდალში გაეხვა და ტიტულები ჩამოერთვა. “იუვენტუსის” მაისურით მან 91 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ მოვლენების შემდეგ, 2006 წელს, 28 წლის შვედმა “ინტერს” მიაშურა და მილანელებს “სკუდეტოს” ზედიზედ სამჯერ მოპოვებაში დაეხმარა (116 მატჩი, 66 გოლი, 28 პასი). “ბარსელონაში” გატარებული არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ (42 მატჩი, 22 გოლი), იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა და “მილანთან” ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
ზურა ქსოვრელი