სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

14:49 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი 19-წლამდელები

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე სამივე თამაში დიდი სხვაობით მოიგო და ყველას დაანახა, რომ შარშანდელი ჩავარდნა და ფინალში მარცხი, მხოლოდ მოულოდნელობა იყო.

დავით ვართანიანის შეგირდებმა ჯამში 20 ლელო გაიტანეს, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს, ისიც ჩეხეთთან 69:8 მოგებულ მატჩში და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” დაძლიეს არა მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდების, არამედ მსაჯების წინააღმდეგობა და გაისად ჰონკონგში, მსოფლიო თასის “ალაფაზე” გაემგზავრებიან, სადაც მოწინააღმდეგები უფრო ძლიერი - იაპონიის, კანადის, ნამიბიის, ტონგას, ურუგვაის, აშშ-სა და მასპინძელთა ნაკრებები იქნებიან.

ბელგიასთან გამართული ფინალური მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მეტოქეს შეეძლო, მაგრამ მათი არეკნი ძელმა აისხლიტა, პასუხად კი, მე-8 წუთზე გიორგი აფცუარმა გასატანი პოზიციიდან მე-8 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მას მალევე შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მეორე ცდაზე მიზანმა უმტყუნა. საქართველოს ნაკრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ლელო არა და არ გადიოდა და 25-ე წუთზე ჯარიმის დარტყმა უკვე რევაზ ჯინჭველაშვილმა ითავა - 6:0.

როგორც ჩანს, “ბორჯღალოსნები” ნერვიულობდნენ და გაშლილი თამაშის მცდელობისას მათ ხშირად უვარდებოდათ ბურთი წინ, რის გამოც ბელგიელთა ჩათვლის მოედანი ხელუხლებელი დარჩა, ტაიმის ბოლოს კი, პრაქტიკულად არაფრიდან შანსი მეტოქემაც მიიღო. თეიმურაზ თუთბერიძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და ბელგიელებს მარცხენა ალამთან ლელოს გატანა შეეძლოთ. მცველებმა მეტოქე გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს, მაგრამ მათ ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და შანსი ხელიდან არ გაუშვეს. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ქართველებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი მოედანს მიღმა არ მოიგერიეს და საკუთარი ნახევრიდან სცადაეს ხელდახელ შეტევა, მაგრამ თავადვე დაჯარიმდნენ და ტაიმის სრულიად ულოგიკოდ ფრედ დასრულდა - 6:6.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა საუცხოოდ ჩაატარეს. მათ პირველივე წუთებიდან უმატეს ტემპს, მეტოქის დაცვის ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა და მრავალფაზიანი იერიში შეცვლაზე შესული ანზორ სიჭინავას ლელოთი დაგვირგვინდა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მატჩი რომ განახლდა სიჭინავამ ერთხელაც გაიბრწყინა, მან ფეხით გადაკიდებული ბურთი ხელით ძალიან კარგად აიტანა მეტოქის ნახევრამდე, იერიში ცენტრისკენ რომ გაგრძელდა, ხაზი აფციაურმა გაჭრა და მარჯვენა ფლანგზე მეტობაც შეიქმნა, მაგრამ მეტოქის პირველხაზელმა უბურთო ქართველი ფულბეკი შებოჭა და სინბინი დაიმსახურა.

ვართანიანის შეგირდებმა უპირატესობა რომ იგრძნეს ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, დერეფნის შემდეგ მეტოქე ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 20 მეტრში დაჯარიმდა, ბადრი ალხაზაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და ის წითელ ზოლში შეაჩერეს, საქმეში ზაურ ხარებავა ჩაერთო და ჩათვლის მოედნის ხაზიც გადაიკვეთა, მაგრამ რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დავაფიქსირეო და მხოლოდ ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა. ჯარიმას აუტი და მოლი მოყვა, მერე ბურთი კვლავ ხარებავას მიუვიდა, რომელმაც მოკლე ფრთაზე შეუტია და მეორე ჯერზე მსაჯს ლელოს არჩათვლის მიზეზი აღარ გასჩენია.

გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა, 53-ე წუთზე ბადრი დანგაძემ მე-3 ლელო გაიტანა, ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და გამარჯვებულის ბედიც აქვე გადაწყდა - 25:6. მაგრამ თამაში აქ არ დასრულებულა, საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენჯერმე მიეცა ლელოს გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, 70-ე წუთზე კი, ნიკოლოზ გიგაური სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნებმა” მეოთხე ლელო მანც გაიტანეს. აფციაურმა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ჯარიმა გაითამაშა და ფეხით მარცხენა ფლანგზე ჩაკიდა, იქ მურაზ გიორგაძემ მცველს საჰაერო ბრძოლაში აჯობა და მეორე მოძრაობით ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ევროპის ჩემპიონები გავხდით და “ალაფაზე” გავედით. მე უზომოდ ვამაყობ ჩემი ბიჭებით და თითოეულ მათგანს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ გამარჯვებისთვის. ამავდროულად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გუნდის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ სრულიად საქართველოს!” – განუცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა.

“ყველას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ამ ტურნირში გამარჯვება შეგვიძლია. მე უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი და ძლიერი მომავალი თაობა ეზრდება ქართულ რაგბს. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე მათგანს მალე ვიხილავთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, რაგბის ეროვნულ აკადემიას და ყველას ვინც გუნდის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო” - დაამატა სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის

პორტუგალია. ლისაბონი. 2 ნოემბერი. ფინალი

საქართველო - ბელგია 32:6 (6:6)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. დავით გულიტაშვილი, 11. ბადრი ლიპარტელიანი (22. ანზორ სიჭინავა 36), 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე (23. ირაკლი სვანიძე 70); 1. ზაურ ხარებავა (16. დავით ფხაკაძე 63), 2. გიორგი ტორაძე (17. ბადრი ალხაზაშვილი 36), 3. გიორგი მარგველანი (18. ბექა კაკაბაძე 54), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი (19. ნიკოლოზ გიგაური 36), 8. ჟორა მღებრიშვილი (20. დავით პაპავაძე 63).

 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.170872