“სარაგოსას” ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტი (30) ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო ჰქონდა, თუმცა, არაგონელები მწარე მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.
შეგახსენებთ, რომ გასული შეხვედრა ესპანეთის თასის ნახევარფინალის ეგიდით შედგა და “რეალი” აშკარა ფავორიტად გახლდათ მიჩნეული, რაც სრულად გამართლდა კიდეც. მადრიდელები მეტოქეზე აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ, 98:66 იმარჯვეს.
შერმადინი და “სარაგოსას” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ვიქტორ სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:53 წუთი გაატარა და 19 ქულას 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება სანიკიძეს, მან 26:28 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 ბლოკ-შოტი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა, 2 სამქულიანი ააცილა, 3 შეცდომა დაუშვა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები შერმადინის მსგავსად, 6-ჯერ დაირღვა. საინტერესოა, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტის (9) მიხედვით, ვიქტორი გიორგის შემდეგ, მე-2 გახლდათ.
“რეალის” უპირატესობა თითქმის ყველა კომპონენტში გამოხატული გახლდათ, განსაკუთრებით კი, ორ მაჩვენებელს გამოვარჩევთ. კასტილიელებმა არაგონელთა 2 სამქულიანის წილ 10 შორეული ტყორცნა გამოიყენეს და ბურთი მხოლოდ 7-ჯერ დაკარგეს, მაშინ, როდესაც მეტოქეს 22 შეცდომა ჰქონდა.
მადრიდელთა რიგებში გამორჩეულად ფერნანდესმა (16 ქულა), მიროტიჩმა (15), როდრიგესმა (13), კეროლმა (12), ლულმა (12) და რეიესმა (11) ითამაშეს. ისიც ვთქვათ, რომ როდრიგესმა 11 შედეგიანი პასიც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ესპანეთის თასის ფინალში “რეალის” მეტოქე მარადიული მეტოქე “ბარსელონა” იქნება, რომელმაც გზიდან “ვალენსია” ჩამოიცილა.