“სარაგოსამ” იმარჯვა, შერმადინმა გაიბრწყინა” – ასეთი სათაური მიუძღვნა ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ბილბაოს” და “სარაგოსას” პირველი ტურის შეხვედრას, რომელიც სტუმრებმა 86:77 მოიგეს, ქართველმა ცენტრმა კი მართლაც ჩინებულად ითამაშა და მას მხარი თანამემამულე ვიქტორ სანიკიძემაც კარგად აუბა.
ბილბაოში გამართულ მატჩში ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, შერმადინს კი გუნდში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (29) აღმოაჩნდა. გიორგიმ 24:08 წუთში რვავე (!) ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაში წესები 5-ჯერ დაირღვა.
სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი სათამაშო დრო დაეთმო სანიკიძეს. ვიქტორმა მოედანზე 29:18 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და მასზე ერთხელ დაჯარიმდნენ.
“სარაგოსა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩს 20 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც შინაურ კედლებში ტენერიფეს “კანარიასს” უმასპინძლებს. ისიც ვთქვათ, რომ 15 ოქტომბერს, ევროთასის ეგიდით, ქართველთა გუნდი ბელგიურ “მონსს” დაუხვდება.
შერმადინის ჩატენვა "ბილბაოსთან"