კალათბურთი

0:34 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და “ოლიმპიაკოსმა” ათენელებს მე-2 მატჩიც იოლად მოუგეს

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემიონატის ნახევარფინალურ სერიაში ათენის “პანიონიოსს” მე-2 მატჩიც იოლად მოუგო და ფინალს ერთ ნაბიჯზე დაუახლოვდა.

პირეოსელებმა მე-2 საშინაო შეხვედრაში 84:58 იმარჯვეს და ამისთვის, ძალების მობილიზება ნამდვილად არ დასჭირვებიათ. მასპინძელთა თავკაცმა გიორგიოს ბარცოკასმა მოედანზე განაცხადში შეყვანილი 12-ვე კალათბურთელი გაიყვანა და თითოეულს მინიმუმ 11 წუთიც დაუთმო, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

საქართველოს ნაკრების ცენტრს 13:51 წუთი ერგო, რა დროშიც გიორგიმ 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა ასპროცენტიანი სიზუსტით ესროლა – ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ შეცდა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ოლიმპიაკოსის” მხრიდან მინიმუმ 2 ქულა ყველა კალათბურთელმა ჩააგდო, 10-ქულიან ზღვარს კი სამი მათგანი გადასცდა: სტრატოს პერპეროღლუ (16), მეტ ლოესკი (14) და ვასილის სპანულისი (12).

ნახევარფინალური სერიის მომდევნო 2 მატჩი ათენში გახლავთ დაგეგმილი, თუმცა, თუკი პირეოსელებმა მომდევნო თამშშიც იმარჯვეს, დაპირისპირებას “მშრალზე” დაასრულებენ.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფინალში “ოლიმპიაკოსელთა” მეტოქე მარადიული მტერი ათენის “პანათინაიკოსი” იქნება, რომელიც სალონიკის პაოკ-ს ასევე 2:0 ამარცხებს.

0.132536