კალათბურთი

1:52 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და ჰიკმანის მწირქულიანი მატჩები

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის ტოპ-16-ის დასკვნით ტურში მარადიული მეტოქე ათენის “პანათინაიკოსი” 68:65 დაამარცხა და 8 მოგებით და 6 მარცხით E ჯგუფში ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა.

პირეოსელებს გამარჯვება ვასილის სპანულისმა მოუტანა, რომელმაც ბოლო წამზე შორეული დისტანციიდან სამქულიანი ჩააგდო. არადა, “ოლიმპიაკოსი” თავიდან საკმაოდ ჩამორჩა და პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულის სხვაობით აგებდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 13:48 წუთში 2 ქულა და 5 მოხსნა (3 შეტევაში) მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-ვე ორქულიანი ააცილა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

პირეოსელთაგან 10-ქულიან ზღვარს ბრაიანტ დანსტონი (12), კოსტას სლუკასი (12) და ევანგელიოს მანცარისი (11) ასცდნენ, ამ უკანასკნელს კი აქტივში 9 მოხსნაც ჰქონდა.

დიდი ალბათობით, მეოთხედფინალში პირეოსელთა მეტოქე მოსკოვის ცსკა იქნება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დღეს მადრიდის “რეალი” კაუნასში აუტსაიდერ “ჟალგირისს” მოუგებს.

ამ შემთხვევაში, ესპანური გრანდი F ჯგუფში პირველ პოზიციას დაიკავებს და ხსენებულ “პანათინაიკოსს” გაეჯიბრება, მეორეადგილოსანი ცსკა კი ძალებს შერმადინის გუნდთან მოსინჯავს. ცხადია, მადრიდელთა მარცხის შემთხვევაში, წყვილების შემადგენლობა შეიცვლება.

მეოთხედფინალში “ოთხთა ფინალის” მომავალ მასპინძელ იტალიურ “ემპორიო არმანისთან” ჭიდილი ელის რიკი ჰიკმანის “მაკაბის”. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გუნდმა ბოლო ტურში ცსკა-სთან 76:81 წააგო და F ჯგუფში 8 მოგებით და 6 მარცხით მე-3 პოზიცია დაიკავა.

ჰიკმანი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 18:41 წუთში აქტივში ერთადერთი ქულა ჰქონდა. რიკიმ 3 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

კიდევ ერთ მეოთხედფინალში დიდი ალბათობით ესპანური “ბარსელონა” და მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” ითამაშებენ. კატალონიელებმა ვიტორიულ “ლაბორალ კუტხასთან” მოულოდნელი მარცხის (86:97) მიუხედავად, E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, თურქულ გუნდს კი F ჯგუფში მე-4 პოზიციაზე გასასვლელად, დღეს, შინ, უმოტივაციო “პარტიზანის” ნებისმიერი ანგარიშით დამარცხებაც ეყოფა.

0.134562