კალათბურთი

15:35 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი “სარაგოსაში” ითამაშებს

არაგონელები ქართველ ცენტრზე დიდ იმედებს ამყარებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი (24 წლის, სიმაღლე 216 სმ. წონა 120 კგ.) მომავალ სეზონში ესპანური “სარაგოსას” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არაგონული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

სარაგოსელები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს, რომ ქართველი ცენტრი ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის – პირეოსის “ოლიმპიაკოსის” წევრი გახლდათ, გუნდის თავკაცი ხოსე ლუის აბოსი კი შერმადინზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს.

“მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გიორგის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჩვენი დახმარება მრავალ კომპონენტში შეუძლია. კარგია მოხსნებში და როგორ – დაცვაში, ასევე შეტევაში დამაჯერებლად გამოიყურება. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და თითოეული მოთამაშის შემატება, რომელსაც კვირაში ორ-ორი მატჩის ჩატარების გამოცდილება აქვს, მნიშვნელოვანია. შერმადინს ზურგს ელიტარული ლიგების და ევროლიგის მატჩები უმაგრებს, რაც ძალიან კარგია”.

სარაგოსულ ტრანსფერს გამოეხმაურა თავად ქართველი კალათბურთელიც. “ესპანურ ლიგაში პირველად ვითამაშებ და ეს ძალიან მახარებს. უკვე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და მან ამიხსნა, რომ სარაგოსა ჩინებული ქალაქია, გუნდიც სოლიდურად გამოიყურება და ეს, ჩემი თამაშის გასაუმჯობესებლად კარგი ვარიანტია.

ესპანეთის ჩემპიონატში ისეთი გუნდები ასპარეზობენ, როგორებიც “რეალი”, “ბარსელონა” და “ვალენსია” არიან. ცხადია, მათი მოთამაშეების წინააღმდეგ გარჯა დიდი სიამოვნება იქნება. “სარაგოსაც” კარგ გუნდად ითვლება და იმედია, თავის გამოჩენისთვის საკმაო რაოდენობის წუთები დამეთმობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, ბევრი ვითამაშო და გუნდს სარგებელი მოვუტანო”.

ცნობისთვის, შერმადინის ახალ კლუბს ასპარეზობა ევეროთასზეც მოუწევს, სადაც მეტოქეების ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს. გიორგის ევროლიგაზე არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, რანგით მე-2 ევროპული ტურნირი კი მისთვის ახალი ხილი იქნება. “ევროთასი ასევე საკმაოდ ძლიერ ტურნირად ითვლება და იქაც დაპირისპირება კარგ გუნდებთან მოგვიწევს. ცხადია, ევროთასზეც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”.

ახალ კლუბში ქართველი კალათბურთელის თანაგუნდელები, სხვებთან ერთად. ბელგიელი ჯონათან ტაბუ, ამერიკელი მაიკლ როლი, ხორვატი დამიან რუდეზი, ისლანდიელი ჯონ სტეფანსონი და ჰოლანდიელი ჰენკ ნორელი იქნებიან. აი, რას ამბობს მათ შესახებ შერმადინი: “ცხადია, ბევრ მათგანის გვარი ჩემთვის ცნობილია, თუმცა, პირადად მხოლოდ ნორელს შევხვედრილვარ, როდესაც ერთმანეთს ჩვენი ნაკრებები დაუპირუსპირდნენ. იგი ჩინებული მოთამაშეა და მიხარია, რომ თანაგუნდელები ვიქნებით”.

საინტერესოა, რომ “სარაგოსასთვის” წინა სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. არაგონელებმა რეგულარულ სეზონში 34-დან 21 მატჩი მოიგეს და ეს, ელიტარულ ACB ლიგაში დაბრუნების შემდეგ, გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სარაგოსელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მეოთხედფინალში “ვალენსიას” 2:1 სძლიეს, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ – მადრიდის “რეალთან” 0:3 წააგეს.

როგორც აღვნიშნეთ, გასულ სეზონში შერმადინი პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავდა და საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში საშუალოდ 3.9 ქულას და 2.1 მოხსნას აგროვებდა. მან ასევე 17 შეხვედრა ჩაატარა ევროლიგაში, სადაც ასეთი მაჩვენებლები ჰქონდა: 4.4 ქულა, 2.9 მოხსნა. გიორგიმ “ოლიმპიაკოსის” რიგებში ევროლიგა მოიგო, ჩემპიონატის ფინალური სერია კი ასევე ყოფილ გუნდ – ათენის “პანათინაიკოსთან” დათმო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წინა სეზონის სტარტზე გიორგი თელ ავივის “მაკაბის” წევრი იყო და დევიდ ბლატის გუნდის მაისურით ისრაელის ჩემპიონატში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო (საშუალოდ 7.5 ქულა, 5.0 მოხსნა), ევროლიგაში კი 9-ჯერ ითამაშა (4.8 ქულა, 2.3 მოხსნა).

მანამდე შერმადინს სლოვენიური “ოლიმპიას” და იტალიური “კანტუს” ღირსებაც დაუცავს და სადავო არაა, რომ ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ აპენინურ გუნდში (იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 9.0 ქულა, 5.2 მოხსნა, ევროლიგაში – 10.9 ქულა, 5.5 მოხსნა) ჰქონდა, სადაც იტალიის პირველობის “ყველა ვარსკვლავთა” მატჩშიც კი ითამაშა.

2006 წლიდან მოყოლებული შერმადინი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში კი 8 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 5.1 ქულას, 4.6 მოხსნას და 1.0 პასს აგროვებდა. გიორგი თამაშიდან 50%-იანი სიზუსტით ესროდა, ხოლო საჯარიმოებს გაცილებით უკეთ ასრულებდა – 91.3%.

როგორც ცნობილია, ამჟამად, ქართველი ცენტრი ეროვნულ გუნდთან ერთად იტალიურ ტრენტოში იმყოფება და გუშინ აპენინელთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ საკონტროლო მატჩში საუკეთესო გახლდათ. შერმადინმა თითქმის უშეცდომოდ ესროლა – 5-დან 4 ორქულიანი და 10-ვე საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 12 მოხსნა წაამატა. გიორგიმ მოედანზე 23 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (27) ჰქონდა.

0.117796