კალათბურთი

2:25 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი “სარაგოსას” დაუბრუნდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი (სიმაღლე 216 სმ.) ესპანურ “სარაგოსას” დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა გასული სეზონიც არაგონელთა რიგებში დაიწყო, შემდეგ კი ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა, თუმცა, იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ახალი გუნდის ძიებაში იყო.

ცნობისთვის, “სარაგოსას” რიგებში მისი საშუალო მაჩვენებლები, ესპანეთის ჩემპიონატში 12.9 ქულა და 5.9 მოხსნა იყო, ევროთასზე კი – 9.8 ქულა და 5.6 მოხსნა. “ოლიმპიაკოსში” გიორგი ბერძნულ ლიგაში 2.6 ქულას და 1.6 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ევროლიგაში – 5.4 ქულას და 3.4 მოხსნას.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის შერმადინმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა, ახლა სრულად მწყობრშია. “სარაგოსას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველმა კალათბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, არაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ რუიზმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა.

“ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს გიო ჩვენი კლუბიდან არც წასულა. როგორც საკლუბო პერსონალს, ასევე გუნდის გულშემატკივრებს მისი შემატება ძალიან გაუხარდებათ. იგი ნამდვილი პროფესიონალია და სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდა. შერმადინს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და წესით, დიდი სარგებელი უნდა მოგვიტანოს”.

ცნობისთვის, “სარაგოსა” წინასასეზონო პერიოდში ძალიან წარმატებულად თამაშობს და ოთხივე საკონტროლო მატჩი მოგებული აქვს: “უესკასთან” – 88:55, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” – 64:63, “ესტუდიანტესთან” – 82:74 და “მურსიასთან” – 86:76.

არაგონელებს მომდევნო მატჩი 19 სექტემბერს “ბრუისასთან” ელით და შესაძლოა, ამ თამაშში მონაწილეობა შერმადინმაც მიიღოს. 21 სექტემბერს “სარაგოსა” “ვალენსიას” ეთამაშება, 25-ში – რუსულ “ხიმკის”, ხოლო 1 ოქტომბერს – “რეალს”. უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს და შერმადინის კლუბი “ხუვენტუტს” უმასპინძლებს.

მომავალ სეზონში არაგონელები ევროთასზეც იასპარეზებენ. ისიც ვთქვათ, რომ “სარაგოსაში” შერმადინის კონკურენტი კვლავაც ჰოლანდიელი ცენტრი ჰენკ ნორელი იქნება, რომელიც საკონტროლო მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

0.118129