მიმდინარე სეზონში გიორგი შერმადინის ჩინებული ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. Eurohoops.net-ის ინფორმაციით, ესპანური “სარაგოსას” ქართველი ცენტრის გადაბირება შერმადინისვე ყოფილ გუნდს პირეოსის “ოლიმპიაკოსს” სურს, რომელიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია, ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერძნული კლუბის ღირსებას შარშანდელ სეზონში იცავდა, თუმცა, სასურველი სათამაშო დრო არ ჰქონია. შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 08:37 წუთში 3.9 ქულას და 2.1 მოხსნას აგროვებდა. შესაბამისად, “ოლიმპიაკოსმა” მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა და სანაცვლოდ სლოვენიელ მირზა ბეგიჩს უხმო...
არაგონულ კლუბში გადაბარგების შემდეგ, ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ეს მის სტატისტიკაზეც აისახა. ესპანეთის უმთავრეს ლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში იგი საშუალოდ 22:53 წუთში 12.6 ქულას და 6.1 მოხსნას აგროვებს.
ის, რომ პირეოსელებს შერმადინის დაბრუნება სურთ, ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე გახდა ცნობილი, რომელშიც “სარაგოსა” “რეალთან” 66:98 დამარცხდა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, აღნიშნულ მატჩში ქართველმა კალათბურთელმა 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 30-ს უწია, რაც ცხადია, ბერძნული გრანდის ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებდა.
საინტერესოა, რომ სიახლეს თავად შერმადინიც გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ოლიმპიაკოსის” გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. მოლაპარაკებას ნამდვილად არ ვაწარმოებ. “სარაგოსაში” თავს ჩინებულად ვგრძნობ. კარგი თანაგუნდელები და მწვრთნელები მყავს, ასე რომ, ჯერჯერობით, წასვლას არ ვაპირებ. მომავალში რა იქნება, არ ვიცი”.
შერმადინის სიტყვები Tubasket.com-მა გაავრცელა და ისიც დასძინა, ქართველი ცენტრის კომენტარში ყველაზე მეტად საინტერესო სწორედ ბოლო ფრაზები იყოო. როდესაც მოთამაშე ამბობს, მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით, ესე იგი, კლუბის გამოცვლა არც ისე შორს გახლავთო.