წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ინგლისელი ფეხბურთელი, ეშლი კოული თავის ცოლს, მომღერალ შერილ ტვიდს გაშორდა. ამ ხნის მანძილზე, ისევე როგორც ეშლის, ასევე შერილის ცხოვრებაში, მრავალი ცვლილება მოხდა. თუმცა, მიუხედავად გაშორებისა, შერილ კოული (ტვიდი) მაინც სულ ყოფილ ქმარზე საუბრობს...
ამასწინათ ეშლი კოულის ნაცოლარმა განაცხადა, რომ აპირებს ქმრის გვარი (კოული) მომავალ ქორწინებამდე დაიტოვოს და ამ გზით ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელს დაუმტკიცოს, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებებს კვლავ თავად იღებს და ყოფილ ქმარს ასეთ ამბებშიც კი არ ახედებს.
ბოლო დროს, შერილ ტვიდმა საკონცერტო სცენაზე გამოსვლებსა და სკანდალურ განცხადებებსაც მოუხშირა. ჯერ იყო და პოპმომღერალმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის უფლისწულ ჰარიზეა შეყვარებული და მხოლოდ მას გაჰყვება ცოლად. ამ განცხადებას ბრიტანეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. შემდეგ კი, სცენაზე მდგარმა ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას თქვა, რომ მამაკაცები ძალიან უყვარს და მზადაა ნებისმიერი გააბედნიეროს მასთან თანაყოფით. მოკლედ, აუშვა “აფრები” შერილმა და ესაა..