დილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთშიც თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსიც” მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინელები მათსავით აუტსაიდერ “ნიუ იორკ ნიქსს” მასპინძლობდნენ, მეტოქესთან, რომელსაც მანამდე ზედიზედ 9 მატჩი ჰქონდა წაგებული, სამარცხვინოდ – 83:113 დამარცხდნენ.
მატჩის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “ნეთსმა” 16:34 დათმო და გუნდის თავკაც ჯეისონს კიდსაც, რომელსაც სკამი აქვს შერყეული, ისღა დარჩენოდა, თამაში სათადარიგო კალათბურთელებით ჩაემთავრებინა.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და მასპინძლებს 3 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბრუკლინს” პოლ პირსის, დერონ უილიამსის, ანდრეი კირილენკოს, ჯეისონ ტერის და რეჯი ევანსის არყოფნაში, 24 ქულით და 9 მოხსნით ბრუკ ლოპესმა ულიდერა, “ნიუ იორკის” წამყვანმა კალათბურთელმა კარმელო ენტონიმ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 10 მოხსნა.
“ბრუკლინი” 5 მოგებით 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩი კი აუტსაიდერ “მილუოკი ბაქსთან”
ბრუკლინი – ნიუ იორკი 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)
მემფისი – კლიპერსი 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)
ჩიკაგო – მაიამი 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)